ტრადიციული რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

4 ნოემბერს,19:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში ტრადიციული რეწვის ოსტატების – ეთერ ბიჭაშვილის, ზაზა გათენაშვილისა და ზაალ ცირდავას ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ეთერ ბიჭაშვილი 89 წლისაა, სოფელ გლოლაში ცხოვრობს და ქმნის ფარდაგებს, რომელშიც ტრადიციული და ინდივიდუალური სტილია შერწყმული.
ზაზა გათენაშვილი ხის ოსტატია. ცხოვრობს წეროვნის დევნილთა დასახლებაში. ხეზე ჭრა მამისგან შეისწავლა. ქმნის საყოფაცხოვრებო და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს.
ზაალ ცირდავამ დიდი წვლილი შეიტანა კოლხური ბზის გადარჩენა – გამრავლების საქმეში. ზუგდიდელი ხელოვანი კოლხური ბზისგან, მხატვრული დამუშავების შედეგად, ქმნის ნიმუშებს, რომელზედაც მეგრული თქმულებებია ასახული.
გამოფენის მონაწილე სამივე ხელოვანი ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებულია.
გამოფენა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში 11 ნოემბრამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები