საფრანგეთში სროლა მასიურ ჩხუბში გადაიზარდა, რომელშიც 600-მდე ადამიანი იყო ჩართული
დასავლეთ საფრანგეთის ქალაქ პუატიეში, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებული სროლა ჩხუბში გადაიზარდა, რომელშიც 600-მდე ადამიანი მონაწილეობდა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია საფრანგეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ქალაქის რესტორანში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი მძიმედ დაშავდა, მათ შორის 15 წლის ბიჭი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაშია.
“ის, რაც დაიწყო რესტორანში სროლით, დასრულდა ბრძოლით კონკურენტ ბანდებს შორის, რომელშიც რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა”,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრუნო რეტაილმა.
მინისტრმა ინციდენტი შეაფასა, როგორც ქვეყანაში ნარკომანიასთან დაკავშირებული ძალადობის საგანგაშო ნიშანი.
”ეს სროლები არ ხდება სამხრეთ ამერიკაში, ისინი ხდება რენეში, პუატიეში, დასავლეთ საფრანგეთის იმ ნაწილში, რომელიც ოდესღაც ცნობილი იყო თავისი სიმშვიდით”, – განაცხადა რეტაილმა და მიანიშნა მექსიკის ფართოდ გავრცელებულ საკითხებზე, ქუჩის დანაშაულთან და ძალადობასთან დაკავშირებით, რომელსაც ნარკოკარტელები ახორციელებენ.
“გასროლა მოხდა მანქანიდან, რის შედეგადაც რამდენიმე ახალგაზრდა დაშავდა. ამის შემდეგ, დაძაბულობა ჯგუფებს შორის დაიწყო, რამაც მოითხოვა პოლიციისა და ჟანდარმერიის ჩარევა”, – ნათქვამია რეგიონული პოლიციის განცხადებაში.
საფრანგეთში ნარკოტიკებით ვაჭრობა დიდი ხანია გახშირებულია დიდ ქალაქებში, როგორიცაა, მაგალითად, მარსელი, სადაც წლის დასაწყისიდან ნარკოტიკებთან დაკავშირებული, სულ მცირე, 17 მკვლელობა დაფიქსირდა.