ვაკიჯვარი-მთისპირის 3-კილომეტრიან საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი დაიგება
ოზურეგთის მუნიციპალიტეტებში, ვაკიჯვარისა და მთისპირის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტით, 3-კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობაა გათვალისწინებული. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 800 000 ლარზე მეტია გამოყოფილი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე შესრულებული სამუშაოების ხარისხს გაეცნო და შიდა გზებზე არსებული ვითარება დაათვალიერა. პროექტის დასრულების შემდეგ, რამდენიმე სოფლის მოსახლეობა ცენტრალურ გზამდე კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ ტურისტები და მოსახლეობა მუნიციპალიტეტში მდებარე IV საუკუნის ასკანის ციხემდეც განახლებული გზით მივლენ.
მინისტრის განცხადებით, ვაკიჯვარი გურიის მაღალმთიანი სოფელია და ზაფხულში აქ ათეულობით ოჯახი ჩამოდის დასასვენებლად. ამიტომ, აუცილებელია წლის ბოლომდე სამუშაოების დასრულება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც მოსახლეობას მრავალი წლის განმავლობაში მოემსახურება.