“ლარის კურსის გაუფასურებას არ ველოდები, პირიქით, კურსი ნელ-ნელა, ალბათ, დაიწევს იმ მაჩვენებლისკენ, რა მაჩვენებლიდანაც მაისში გაუფასურება დაიწყო”- ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ლარის გაუფასურება პანიკურ აჟიოტაჟთან იყო დაკავშირებული.
“მოგეხსენებათ, ლარმა გაუფასურება, გარკვეულწილად, მაისში დაიწყო. ამას ეტაპებიც ჰქონდა. ლარის კურსი ორჯერ, გარკვეულწილად, ნახტომისებურად გაუფასურდა. პირველი გაუფასურება უფრო მაღალი იყო. მოგეხსენებათ, 3.84- ზე ავიდა. აქ ჩემი წინა სტუმრობისას აღვნიშნე, რომ ეს პანიკურ აჟიოტაჟთან იყო დაკავშირებული. პანიკური აჟიოტაჟი მაინც დაკავშირებულია იმ მოვლენებთან, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, პროტესტი იყო, რომლის თავისებურ პიკზე ლარის კურსის პირველი გაუფასურება მოხდა. ეს მოსალოდნელიც იყო. ამ დროს გარკვეული პანიკური აჟიოტაჟი იქმნება ხოლმე, რაც გამოწვეულია უფრო ნეგატიური მოლოდინებისადმი გარკვეული რეაქციით. მაშინ რომ ეს პანიკური აჟიოტაჟი იყო, იმითაც დადგინდა, რომ ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე ინტერვენცია, ანუ ჩარევა მოახდინა და 60 მილიონი დოლარი გამოიტანა. ბაზარმა ეს რეაქცია მიიღო. მეორე დღესვე ლარმა გამყარება დაიწყო. ეს ერთ-ერთი ინდიკატორია იმისა, რომ პანიკური აჟიოტაჟი იყო. სხვა შემთხვევაში 60 მილიონი გაიწოვებოდა და შეიძლება, ახალი ინტერვენციები დასჭირვებოდა. პანიკური აჟიოტაჟის მეორე ეტაპი ცოტა ხანში მოხდა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ისევ მოახდინა. ბაზარმა უკვე 48 მილიონზე ცოტა მეტი გაიწოვა. ეროვნულმა ბანკმა მეორეჯერაც 60 მილიონი გამოიტანა , მაგრამ ეს ბაზარმა ვერ აითვისა. ესეც მიანიშნებს, რომ წმინდა პანიკური აჟიოტაჟი იყო.
რაც დღეს ხდება, ესეც თავისებური ინერციაა პროცესისა, თუ გავითვალისწინებთ, როგორია ძირითადი მაკროეკონომიკური ფაქტორები. ვხედავთ, აპრილში ეკონომიკის სარეკორდო ზრდა გვქონდა 11,8 %. ეს ძალიან მაღალი ნიშნულია.
თუ დღევანდელ გაუფასურებას მივიღებთ მხედველობაში, ჩემი შეფასებით, ეს თავისებური ინერციაა, რაც ასეთ აჟიოტაჟურ პერიოდებს, გარკვეულწილად, მოსდევს ხოლმე. ეს ინერცია, შესაძლოა , დაკავშირებული იყოს გარკვეულ ნეგატიურ მოლოდინებთან, რაც დაანონსებულ სანქციებში აისახა. ვგულისხმობ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სავიზო შეზღუდვებს. ესეც, ამ ინერციასთან ერთად, შესაძლოა, ერთ-ერთი ფაქტორი იყოს.
თუმცა, თუ ზოგადად გავითვალისწინებთ, ძირითად მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, მათ შორის, უცხოური ვალუტის შემოდინება- გადინების სტატისტიკას, ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ მომსახურების ექსპორტის მაღალი ზრდა (პირველ კვარტალში სარეკორდოა, 800 მილიონი იყო), ლარის გაუფასურების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ზაფხულში, ტრადიციულად, ტურისტული ინდუსტრია თავის პიკურ მაჩვენებლებს კრებს ხოლმე, უცხოური ვალუტის შემოდინება კიდევ უფრო იზრდება. ასევე ბოლო პერიოდში ეკონომიკა ადგილობრივი წარმოების ხარჯზე იზრდება და ზაფხულში ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა. იგივე აგროპროდუქციაზე მეტი მოთხოვნაა, ადგილობრივი პროდუქცია იმპორტს უფრო აქტიურად ანაცვლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან ნაკლები ვალუტა გაედინება.
ამ პროგნოზებით, შემიძლია, გითხრათ, რომ ლარის კურსის გაუფასურებას არ ველოდები,
პირიქით, კურსი ნელ-ნელა, ალბათ, დაიწევს იმ მაჩვენებლისკენ, რა მაჩვენებლიდანაც მაისში გაუფასურება დაიწყო”- განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, ფასების ზრდა მოსალოდნელი არაა.
“შეიძლება, დადგეს საკითხი, ლარის გაუფასურება, რაც დღეს ხდება, ხომ არ აისახება ფასებზე, ინფლაციაზე. თუ ვივარაუდებთ, რომ ლარი არ გაუფასურდება, პირიქით, საწყის წერტილს დაუბრუნდება, ბუნებრივია, ინფლაციაც არ გაიზრდება, მიზნობრივ მაჩვენებელში დარჩება, რომელიც დღესაა, ანუ 3 -პროცენტიან ზღვარზე. აქედან გამომდინარე, არც ფასების ზრდაა მოსალოდნელი. ეს პროგნოზი ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ბოლო წლების ტენდენციებს ეყრდნობა. ამ წელსაც უნდა ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკური ზრდა მაღალი გვექნება, მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია. როგორც წესი, როცა არჩევნებია, ეკონომიკური ზრდა, გარკვეულწილად, შენელდება ხოლმე.”- განაცხადა ცუცქირიძემ.