კულტურის კომიტეტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
კულტურის კომიტეტის სხდომაზე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონპროექტი თანმდევ საკითხთან ერთად განიხილეს. ცვლილებები სხდომაზე ერთ-ერთმა ინიციატორმა გრეტა წიწავამ წარადგინა.
„წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ხელს შეუწყობს კითხვის დარღვევის მქონე ადამიანებმა მარტივად მოიპოვონ ადაპტირებულ ფორმატში ბეჭდური ნაწარმოები”, – განაცხადა მომხსენებელმა.
მოქმედი კანონის თანახმად, ექსკლუზიურად კითხვის უნარის შეზღუდვის მქონე პირებისათვის ნაწარმოების მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირება და გავრცელება საჭიროებს ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობასა და მოთხოვნის შემთხვევაში, საავტორო ჰონორარის გადახდას. წარმოდგენილი ცვლილების მიზანია, აღნიშნული წესის მოქმედების პარალელურად, კონკრეტულ პირთა ჯგუფისათვის (ბენეფიციარი, ავტორიზებული პირი) შექმნას სამართლებრივი შესაძლებლობა ნაწარმოების მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებისა და გავრცელებისათვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის წინაპირობების გარეშე.
კანონპროექტი ქმნის სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმს საკუთრივ კითხვის უნარის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის.
კანონპრექტის მიღების შედეგად, კითხვის უნარის შეზღუდვის მქონე პირი მიიღებს სპეციალურ სტატუსს – ბენეფიციარი და შედეგად, მიენიჭება უფლება მარტივად და ფინანსური დანახარჯების გარეშე მოიპოვოს არსებული ნაბეჭდი ნაწარმოებების ადაპტირებული ფორმატები. ეროვნულ დონეზე გაიზრდება მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ნაწარმოებების რაოდენობა ადგილობრივი ავტორიზებული პირის მიერ რეპროდუცირებისა და უკვე რეპროდუცირებული მასალის სხვა სახელმწიფოდან იმპორტის საშუალებით, თუ საქართველო გახდება შესაბამისი ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე.
კანონპროექტი ადგენს ავტორის და საავტორო უფლებების სხვა მფლობელისა და კითხვის უნარის დარღვევის მქონე ადამიანების ინტერესებს შორის გონივრულ ბალანსს და გამორიცხავს ინტელექტუალური საკუთრების უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას.
„აღნიშნული კანონპროექტი უზრუნველყოფს ბენეფიციარებისთვის ფინანსური დანახარჯების გარეშე მოპოვებადი იყოს ბეჭდური მასალა მისაღებ ფორმატში. კანონი ეფუძნება მარაქეშის შეთანხმების სულისკვეთებას და ამ შეთანხმების რატიფიცირების შემდგომ მოხდება კანონის ეფექტიანი აღსრულება”, – განაცხადა გრეტა წიწავამ.