ლევან მახაშვილი – კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას განცხადებაზე: ნათელია, რომ აშშ-ის დამოკიდებულება ევროკავშირის ბიუროკრატიის მიმართ არის კრიტიკული
“ნათელია, რომ აშშ-ის დამოკიდებულება ევროკავშირის ბიუროკრატიის მიმართ არის კრიტიკული,”- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკის პოლიტიკა გათვლილია პატრიოტული ძალების გაძლიერებაზე.
“გამოჩნდა არა ერთხელ, რომ ბრიუსელის პოლიტიკა ეწინააღმდეგებოდა არა მხოლოდ ევროპელების ინტერესებს, არამედ ხშირ შემთხვევაში აზიანებდა ამერიკასთან ურთიერთობებსაც. ამიტომ, რა თქმა უნდა ბუნებრივია, რომ ამერიკის დამოკიდებულება ბრიუსელისადმი, ბრიუსელის პოლიტიკისადმი, მათი ნაბიჯებისა და გადაწყვეტილებებისადმი არის კრიტიკული. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს ცივი გეოპოლიტიკური სიო, რომელიც ამერიკიდან უბერავს ევროკავშირს გაგრძელდება. პირადად მე ნაკლები მოლოდინი მაქვს, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია შეიცვლის თავის პოზიციებს სწორედ იმიტომ, რომ ეს რეალობაში ნიშნავს იმას, რომ მთლიანად უარი უნდა თქვან თავიანთ არსებულ პრაქტიკაზე. მაგრამ ამერიკის პოლიტიკა გათვლილია იმაზე, რომ არა არსებულ ბიუროკრატიასთან გააღრმაოს ურთიერთობები, არამედ პატრიოტული ძალები გააძლიერონ, რომლებიც ეროვნულ პოლიტიკას მხარს უჭერენ წევრ ქვეყნებში“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ, „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას განცხადებით, ევროკავშირი ხშირად სჯის იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მის პოლიტიკურ ხაზს გადაუხვევენ.