საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ დიაბეტის მქონე ბავშვთა მონაწილეობით კერამიკის მასტერკლასი ჩატარდა
საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ ჩატარდა კერამიკის მასტერკლასი დიაბეტის მქონე ბავშვთა მონაწილეობით. აქტივობა განხორციელდა კოლეჯის, საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსისა და თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა ენდოკრინოლოგ, თეონა კუხალეიშვილის ინიციატივით, დიაბეტის მქონე ბავშვთა უფლებების ხელშეწყობის მიზნით.
აქტივობის განხორციელებას წინ უძღოდა დიაბეტური ბანაკი, რომელიც 2026 წლის იანვრის თვეში გაიმართა. მასტერკლასშიც მონაწილეობა ბანაკის მონაწილე ბავშვებმა და მათმა დედმამიშვილებმა მიიღეს.
„პირველი დიაბეტური ბანაკი ჩავატარეთ 2024 წელს. ეს არ არის მხოლოდ დასვენება – ეს არის საგანმანათლებლო და მხარდამჭერი სივრცე, რომელიც დიაბეტის მქონე ბავშვთა და მათ მშობლებს ეხმარება, ჯანმრთელი, აქტიური და სრულფასოვანი ცხოვრების უნარების ჩამოყალიბებაში“, – აცხადებს ბანაკის ორგანიზატორი მარი ბუაჩიძე.
მშობლის, ნანა ვერულაშვილის თქმით, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა ინდივიდუალური უნარების წარმოჩენას და ბავშვების ინტეგრაციას.
„როდესაც დიაბეტის მატარებელთა რიგებში აღმოვჩნდით ყველაზე მეტად გავაცნობიერე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა დიაგნოზის მატარებელთა ბავშვებისთვის მშობელთა ჩართულობა. ეს ყოველთვის საჭიროა, მაგრამ არსებობს განსაკუთრებული საჭიროებებიც… მსგავსი ჩართულობით ჩვენ ხელს ვუწყობთ შვილების ინტეგრაციას და საზოგადოებრივი სირთულეების გადალახვას. მასტერკლასის ინიციატივის მიზეზიც ეს იყო“, – აცხადებს ვერულაშვილი.
კოლეჯ სპექტრში გამართულ კერამიკის მასტერკლასზე მონაწილეებმა დაამზადეს გამოყენებითი ხელოვნების – ქართული კერამიკის ნიმუშები. დაეუფლნენ თიხაზე მუშაობის უნარებს. ბავშვებმა და მშობლებმა დაათვალიერეს სასწავლებელი და მიიღეს დეტალური ინფორმაცია პროფესიულ სპეციალობებზე.