18 წელია ემიგრანტია. ორი წელია ჰობი საქმედ აქცია – ბისერებით ქსოვს სამკაულებს. ამბობს, რომ საყვარელი საქმე აღმოაჩინა. ეს სამკაულები დიდი მონდომებით და სიყვარულით კეთდება. – ხათუნა ორბელაძის პერსონა.
– ბავშვობა სიყვარულით სავსე მქონდა, ბებიების და ბაბუების გარემოცვაში. მყავს მშობლები, ერთადერთი ძმა და ჩემი ქალიშვილი. ვართ ყველა ერთისთვის და ერთი ყველასათვის. მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, მათ დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს ცხოვრებაში. მადლიერების მეტი არაფერი მეთქმის. ბავშვობიდან მქონდა ხელოვნების განსაკუთრებული ნიჭი. დავდიოდი ცეკვაზე, მუსიკაზე ხატვაზე ტანვარჯიშზე.
– რატომ გადაწყვიტეთ ემიგრაციაში წასვლა?
– ძალიან რთული პერიოდი გვქონდა. დავრჩი მარტო ბავშვთან ერთად. გადავწყვიტე, ბავშვი მშობლებისთვის დამეტოვებინა და ემიგრაციაში წამოვსულიყავი, რაშიც ჩემი მეგობარი დამეხმარა. მინდა აღვნიშნო, ძალიან იღბლიანი ვარ. ჩემ გარშემო ყოველთვის კეთილმოსურნე ხალხი ტრიალებს. მადლიერი ვარ ბერძენი ხალხის.
– ბოლო ორი წელია ამზადებთ სამკაულებს. როგორ დაიწყეთ, გვიამბეთ?
– ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რაღაც უნდა მეკეთებინა, რაღაც არ მასვენებდა. ამ დროს ადამიანი ეძებს და პოულობს კიდეც რისი კეთებაც უნდა.
– პირველი სამკაულები…
– პირველი ძაფით შექმნილი საყურე იყო.
– ემიგრაციაში ეს ჰობი ამოსუნთქვის საშუალებაა… როდის მუშაობთ სამკაულებზე?
– კი, ჰობია, რომელიც საქმედ ვაქციე. კარგი ის არის, რომ განტვირთვას ვიღებ მუშაობის დროს, ეს ერთგვარი თერაპიაა. სამწუხაროდ, გვიან მიწევს მუშაობა.
– რა მასალისგან ამზადებთ?
– ამჟამად ბისერებით ვქსოვ. ეს იაპონური ტექნიკაა, ძვირად ღირებული მასალით იქმნება… სულ რაღაცას ვეძებ და ვქმნი. ვფიქრობ, ჯერ ჩემი სათქმელი არ მითქვამს.
– სამკაულები არის დახვეწილი, გემოვნებით შექმნილი. შთაგონება?
– სამკაული იქმნება დიდი სიყვარულით. ვმუშაობ ხარისხზე და ვცდილობ, იყოს კომფორტული. ბევრჯერ დამიშლია და ისევ თავიდან დამიწყია, სანამ სასურველ შედეგს არ მივიღებ.
– საინტერესო ამბავი…
– ძალიან საინტერესო იყო მაკრამე საყურის შექმნა. ფიროსმანის (მებადური) ძაფით მოვქსოვე. არ ვიცოდი, როგორ უნდა გამეკეთებინა.
– რაზეა უფრო მეტად მოთხოვნილება?
– ყველა ასაკის ადამიანისთვის ვამზადებ. ვცდილობ, ყველას გემოვნება დავაკმაყოფილო. ყიდულობენ ბერძნებიც და ქართველებიც.
– გყავთ ქალიშვილი… თუ ეკითხებით რჩევას?
– მყავს 26 წლის ქალიშვილი. მადლობა ღმერთს, ძალიან ვუგებთ ერთმანეთს. ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრს. ჩემს წინსვლაში დიდი როლი შეასრულა.
– 18 წელი ემიგრაციაში ცხოვრება იოლი არ არის. რას აპირებთ სამომავლოდ?
– 18 წელი ემიგრაციაში ვარ. ყოველ წელს მივდივარ საქართველოში. ჩემი თავი ჩემი შვილის გვერდით წარმომიდგენია. მოვა დრო და დავბრუნდები, ვეცდები, დაკარგული დრო ავინაზღაურო.






თამარ შაიშმელაშვილი