ბორის ჩელე ყურუა: თუ პროტესტს გაზრდა არ სჭირდება, ყველაზე მეტი თუ ჩვენ ვართ, არაფერი გასაკეთებელი თუ არ არის, წინა არჩევნებზე თუ იდეალურად მოვიქეცით, ყველაფერს თუ კარგად ვაკეთებთ და მაინც თუ გვიგებენ, ესე იგი რაღაცაში მართლები არ ვართ

თუ პროტესტს გაზრდა არ სჭირდება, ყველაზე მეტი თუ ჩვენ ვართ, არაფერი გასაკეთებელი თუ არ არის, წინა არჩევნებზე თუ იდეალურად მოვიქეცით, ყველაფერს თუ კარგად ვაკეთებთ და მაინც თუ გვიგებენ ესე იგი რაღაცაში მართლები არ ვართ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა, ბორის ჩელე ყურუამ, გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ სტუმრობისას განაცხადა.

ყურუას განცხადებით, დაახლოებით 400 დღის განმავლობაში მიმდინარე პროტესტი ცხადყოფს იმას, რომ პროტესტში ჩართული ხალხი საკმარისი არ არის. ის მიმართავს საზოგადოების ოპოზიციურ ნაწილს, თუ ისინი არ ისაუბრებენ ხელისუფლებასთან, თუ არ შევლენ პარლამენტში, მაშინ რას აკეთებენ.

„გასაგებია ბრაზი, გასაგებია წყენა და არავისზე ნაკლები არ მაქვს „ქართული ოცნების“ მიმართ, მაგრამ რაციონალურად ხომ უნდა წარმოვიდგინოთ რა სვლის გაკეთება შეგვიძლია. ძალით ვერ ვერევით ჯერ, რაღაც ძალა ხომ უნდა მოვიკრიბოთ, ვინმეს თუ ძალა ჰგონია, მორევაზე, ხელის გადაწევაზე, მინიმუმ იმაში ხომ უნდა წამოგვყვეს რომ ძალა უნდა მოვიკრიბოთ. აქ ჩართული ადამიანების რაოდენობა გვყოფნის?! – არ გვყოფნის. ოთხას რაღაც დღე რომ პროტესტი მიმდინარეობს ერთი მხრივ კარგია, რამდენს გაუძლეს ამ ადამიანებმა, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ნიშნავს იმას, რომ საკმარისები არ ვართ. საკმარისი რომ ვიყოთ 400 დღე არ დაჭირდებოდა, საკმარისი ადამიანები ერთ კვირაში, ორში, ალბათ ყველაფერს დაასრულებენ. ამ შემთხვევაში, არსად თუ არ მივდივართ, თუ არ ველაპარაკებით, პარლამენტში არ შევდივართ, გვეძახიან სალაპარაკოდ იქაც არ მივდივართ, მორევით ვერ ვერევით, მაშინ რას ვაკეთებთ?! აი როცა პოლიტიკოსი მოდის და ამბობს, რომ რაღაც საქმეს ვაკეთებ, ნებისმიერ შემთხვევაში როგორც ხსნიან იცით საქმეს, მივდივართ ევროპაში და ველაპარაკებით რას, მაგაზეც უკვე საქმე აღძრეს ევროპაში რომ მიდიხართ ვიღაცებს ნუ ელაპარაკებით,“- განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.

მისივე თქმით, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები უნდა მორჩნენ დასავლეთის ქვეყნების ყურებას და უნდა კონცენტრირდნენ საკუთარ სამშობლოზე.

„სინამდვილეში, უნდა მოვრჩეთ აქედან ყურებას უცხოეთში – ამერიკაში, ევროპაში, იმიტომ, რომ იქაურ არჩევნებზე ჩვენ გავლენას ვერ ვახდენთ და ზოგადად, მათ ქმედებებზე ისედაც, პროცენტულადაც, აქაური პოლიტიკოსების გავლენა არის ძალიან მიზერული. უნდა ვკონცენტრირდეთ ჩვენს ქვეყანაზე და უნდა მოვიშალოთ ის, რომ აი ახლა უკვე გაყოფილი ვართ მთელი ქვეყანა, ჩვენ, ვინც აქეთ „ანტიქოცები“ ვართ უმრავლესობა ვართ, ისინი ცოტა არიან და აღარავინ აღარ გვჭირდება, რომ იქითა ფლანგიდან ვიღაც წამოვიყვანოთ და თუ ასე არის, თუ პროტესტს გაზრდა არ სჭირდება, ყველაზე მეტი თუ ჩვენ ვართ, არაფერი გასაკეთებელი თუ არ არის, წინა არჩევნებზე თუ იდეალურად მოვიქეცით, ყველაფერს თუ კარგად ვაკეთებთ და მაინც თუ გვიგებენ ესე იგი, რაღაცაში მართლები არ ვართ“,- განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები