“ვიცი, რომ ერთი წლის წინანდელი ვიდეო უპოვეს ვიღაც ბავშვს და სადღაც რაღაც ჩხუბი ჩანსო, ამის მეტი ინფორმაცია არ მაქვს” – გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ალექსანდრე გაბაშვილის მამა
თბილისში მოკლული პედაგოგის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ალექსანდრე გაბაშვილის მამა გამოძიების მიერ ამ ეტაპზე გამოვლენილი ახალი გარემოებების და ფაქტების შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მას და მის ადვოკატს ჯერ საქმის მასალები არ გადასცემიათ და შესაბამისად სათქმელი არაფერი აქვს.
მისივე თქმით, რაც იცის მხოლოდ ისაა, რომ სხვა ბავშვის ტელეფონში პროკურატურამ ჩხუბის ვიდეოები ნახა.
“საქმის მასალები ჯერ ჩვენ არ გვაქვს და სათქმელი არაფერი მაქვს, ზოგადად ვიცი, რომ რაღაც ერთი წლის წინანდელი ვიდეო უპოვეს ვიღაც ბავშვს ტელეფონში, არა ჩემ შვილს, სადაც რაღაც ჩხუბი ჩანს, ამის მეტი მე ინფორმაცია არ მაქვს,” – ამბობს ალექსანდრე გაბაშვილის მამა “ტვ პირველთან”.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ. მათ სხვა ძალადობრივი დანაშაულების ფაქტებზე ბრალდება წარედგინათ.