გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის პროკურორი: შესაძლებელია, გამოძიების პროცესში კიდევ გამოიკვეთოს ძალადობების ახალი ეპიზოდები, დადგინდეს ახალ მსხვერპლთა ვინაობა, შესაბამისად, მოწმეთა ბაზაც გაიზარდოს

“სამ არასრულწლოვან ბრალდებულს ბრალდება წარედგინა ახალ ეპიზოდებთან დაკავშირებით. კერძოდ, მათ ბრალდების დადგენილებაში დაემატათ ახალი კვალიფიკაცია – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა”, – ამის შესახებ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ განაცხადა.

როგორც პროკურორმა განმარტა, მათ ბრალდების მხარე, გარდა გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, რაც გამოიხატა სხვადასხვა ძალადობრივ ეპიზოდში.

“დადგენილი და იდენტიფიცირებულია ჩვენ მიერ ძალადობის არაერთი ეპიზოდი. ამასთან დაკავშირებით მოპოვებულია არაერთი ვიდეო კამერის ჩანაწერები, რომელიც გუშინ გავრცელდა უწყების მიერ. თუმცა, ამ ვიდეოების გარდა, თითოეულ ეპიზოდს ჰყავს ათეულობით მოწმე. შესაბამისად, ისინი იძლევიან ჩვენებას და აძლევენ ჩვენებებს ამ ბრალდებულების წინააღმდეგ. გარდა ამისა, მოპოვებულია ჰაბიტო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, რაც ნიშნავს ხმისა და გამოსახულების ექსპერტიზებს, რიტაც უტყუარად დადგინდა, რომ აღნიშნული ბრალდებულები ძალადობების ეპიზოდებში მონაწილეობდნენ. გამოძიება გრძელდება, შესაძლებელია, გამოძიების პროცესში კიდევ გამოიკვეთოს ძალადობების ახალი ეპიზოდები, დადგინდეს ახალ მსხვერპლთა ვინაობა და შესაბამისად, მოწმეთა ბაზაც გაიზარდოს. აღნიშნული მტკიცებულებების სრულად შესწავლის შედეგად, შესაძლებელია მოხდეს, როგორც ახალი ბრალეული პირების გამოკვეთა, ასევე ახალი ეპიზოდების დაიდენტიფიცირება და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება”, – განაცხადა ქეთევან სონიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები