ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა.
ბოლნისის მერიის ცნობით, ზამურ ჭითანავა მოადგილე თურალ ვალიევთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ხატისოფლის, ვანათისა და სამტრედოს მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.
შეხვედრებზე ადგილობრივებმა 2026 წელს განსახორციელებელი პროექტები ერთობლივად შეარჩიეს, რომლებიც წლის ბოლომდე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხით განხორციელდება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრებზე ადგილობრივი მცხოვრებლების აქტიურ ჩართულობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს იმ პროექტებზე, რომლებიც მაქსიმალურად პასუხობს სოფლის საჭიროებებს.
„დღეს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, შეხვედრა გვქონდა სოფელ ხატისოფლის, ვანათისა და სამტრედოს მცხოვრებლებთან. მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია და მათი ჩართულობით პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა პროექტის ეფექტიანად წარმართვას განაპირობებს. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” უკვე რამდენიმე წელია, წარმატებით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში წელსაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რაც მოქალაქეთა საცხოვრებელ პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, − განაცხადა ზამურ ჭითანავამ.