გივი მიქანაძემ გამორჩეულ ქართველ მეცნიერს ელენე აბაშიძეს პროფესიული დღე მიულოცა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე,საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხთან ერთად,ცნობილ ქართველ მეცნიერს ელენე აბაშიძეს ესტუმრა და მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრმა გეოლოგიისა და მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს ჯანმრთელობა, მხნეობადა დღეგრძელობა უსურვა. გივი მიქანაძის თქმით, ფასდაუდებელია ელენე აბაშიძის მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა. გამოჩენილმა მეცნიერმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა როგორც ქართული გეომეცნიერებების განვითარებაში, ასევე არაერთი თაობის აღზრდის საქმეში.
ელენე აბაშიძე არის გეოგრაფი, სპელეოლოგი, ჰიდროლოგი და ჰიდროგეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი. მისი სამეცნიერო კვლევები აღიარებულია როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ელენე აბაშიძის სადოქტორო ნაშრომი შეფასდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ბიბლიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ, ხოლო თავად ავტორი დაჯილდოებულია მეცნიერ ქალთა ნამუშევრებს შორის მინიჭებული „წლის ქალის“ საპატიო წოდებითა და შესაბამისი სიგელით.