გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის მამა: ლიფტში, დანით ხელში ნამდვილად ჩემი შვილია; საგამოძიებო უწყებამ დადოს მტკიცებულება, რომ სისხლიანი ფეხსაცმელი ჩემი შვილის არის

“ლიფტში, დანით ხელში ნამდვილად ჩემი შვილია; საგამოძიებო უწყებამ დადოს მტკიცებულება, რომ სისხლიანი ფეხსაცმელი ჩემი შვილის არის”, – ამის შესახებ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ალექსანდრე გაბაშვილის მამამ განაცხადა.

ის პროკურატურის მიერ გიგა ავალიანის საქმეში ბრალდებული პირებისთვის ჯგუფური ძალადობის სხვადასხვა ეპიზოდში ბრალის დამძიმებას გამოეხმაურა.

“დამატებით ბრალს რაც შეეხება, მამა ვარ და სანამ სული მიდგას, ჩემი შვილისთვის ვიბრძოლებ! ჩემი შვილი სპორტსმენი იყო, წამყვანი ფეხბურთელი, სწავლის და ვარჯიშის მეტს არაფერს აკეთებდა, ახლა პროკურატურა ცდილობს, სახელი გაუტეხოს.

ბრალს არ ვეთანხმებით. გუშინ ვნახე ვიდეო, იქ ჩემი შვილი არ ჩანს საერთოდ. მიკვირს, რატომ ავრცელებს პროკურატურა ასეთ განცხადებებს პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე, რომ ეს ბავშვები ნამდვილად არიან ჩართულები ამ ჩხუბებში.

ლიფტში, დანით ხელში, ნამდვილად ჩემი შვილია. საგამოძიებო უწყებამ დადოს მტკიცებულება, რომ სისხლიანი ფეხსაცმელი ჩემი შვილის არის. მე ვყიდულობ ფეხსაცმელს, ვიცი, ეს არ არის ჩემი შვილი!

გამოძიების დროს ტელეფონები და კომპიუტერები ამოიღეს. ჩემი შვილის ტელეფონიდან არ არის წამოღებული ის ვიდეოები. სახის დაფარვის გარეშე მაქვს ნანახი ვიდეოები, იქ ჩემი შვილი არ არის.
კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ყველანაირი ძალადობის და ვგმობ იმ ამაზრზენ კადრებს, რაც გუშინ ვნახეთ. თუ თეორიულად ჩემი შვილი როდისმე აღმოჩნდება მაგ კადრებში, მოგვეთხოვოს კანონიერად, სანამ არ არის მტკიცებულება რომ ის არის და ის ბავშვი არ არის, კადრებით ნუ აგვკიდებს პროკურატურა იმას, რაც არ დაგვიშავებია.

პროკურატურა რამდენიმე თვეა, გვებრძვის. ჯერ დაგვიდეს ქვა, შემდეგ მოწმეებს ჩვენებები შეაცვლევინეს, შემდეგ დაიჭირეს არასრულწლოვანი ბავშვები მიმოწერისთვის. ასრულებენ იმ დაკვეთას, რაც ეკამ გაავრცელა, ანა ამას გააკეთებ, ან ადგილიდან მოხსნიო“. უნდოდათ ჯგუფური?! ძირითადი საქმის მასალებიდან გამომდინარე არანაირი საქმის მასალები არ იყო ჯგუფურის მტკიცებულება, ახლა ცილობენ 1 წლის წინ ვიღაცის ტელეფონში ვიდეო იპოვეს და აგერ თურმე ამიტომ არიან ჯგუფშიო.

არც მე და არც ჩემს შვილს არასდროს ჰქონია სამართალდამცველებთან შეხება…

დიახ, დანასთან ერთად პოზირებს… მე გამოძიებას ნდობას არ ვუცხადებ რამდენიმე თვეა. გამოძიებამ ისიც დადო, რომ კეფის დარტყმით არ შეიძლება წამოვიდეს ბზარი წინ“, – აღნიშნა გაბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები