თბილისში მოკლული პედაგოგის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის, დემეტრე ჩიქოვანის დედა, სოფო ძნელაძე აცხადებს, რომ დღეს, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში მისი შვილი მხოლოდ ერთ ეპიზოდში ჩანს, ხოლო მისი ტელეფონიდან არავითარი ვიდეო არ არის ამოღებული.
მისივე თქმით, სკვერში მომხდარი ჩხუბი ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ჩხუბი იყო.
“ამ კადრებში, რაც პროკურატურამ დღეს გვაჩვენა, ერთადერთ ვიდეოში, სკვერში ჩხუბის ვიდეოში არის ჩემი შვილი, ღია სკვერში, სადაც არის ჩხუბი. დანარჩენ ჩხუბში, სადაც წერია, ერთი ეპიზოდია თუ არ ვცდები, სადაც დემეტრე ჩიქოვანი წერია, დემეტრე იმ ჩხუბში არ არის, ეს არის აბსურდი, ეს არის ბუნებაში რომ არ არსებობს ისეთი ბრალდება. დემეტრე ჩიქოვანის ტელეფონიდან არავითარი ვიდეო არ არის ამოღებული. ეს არის შურისძიება კონკრეტულად პროკურატურის მხრიდან ჩემს ოჯახზე.
იმ სკვერში [რომელიც ჩანს პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში] იყო ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ჩხუბი, არ ვიცი რასთან დაკავშირებით მოხდა ჩხუბი, მაგრამ რაც დავინახე სკვერში გოგოები, ბიჭები და უამრავი ხალხი, სახე დაფარული ჰქონდა მე რაც დავინახე, მაგრამ ჩემი შვილია და ვიცანი,” – ამბობს სოფო ძნელაძე “ტვ პირველთან”.
ცნობისთვის,პროკურატურის ინფორმაციით, გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები: გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი და ალექსანდრე გაბაშვილი თითქოსდა გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს, ითანხმებდნენ შეხვედრაზე და მათ უმოწყალოდ სცემდნენ.