რას ედავებიან თიანეთელები ზაქარია ქუცნაშვილს?

  თიანეთის მაჟორიტარ დეპუტატს ზაქარია ქუცნაშვილს ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი ჩიტაური ადგილობრივი მოსახლეობის სახელით უპირისპირდება.
გიორგი ჩიტაური პარლამენტის წევრს პრობლემების მოგვარებისთვის ერთკვირიან ვადას აძლევს – ამის შესახებ პარტიის წევრი გიორგი ჩიტაური გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრობს.
„თიანეთში კატასტროფული ვითარებაა. ხალხი გაუსაძლის სიღატაკეში ცხოვრობს. კარგად მახსოვს, რა ვითარება იყო იქ „ნაციონალებამდე“, ან მათი მმართველობის დროს, მაგრამ რაც ახლა ხდება, ყოველგვარ ზღვარს აჭარბებს. რაიონი გაჩანაგებულია. თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი საკუთარი ცხოვრების მოწყობით არის დაკავებული.
თიანელების პრობლემა საერთოდ არავის ანაღვლებს. რაიონი დაქცევის პირასაა. მისი მაჟორიტარი კი 15 ათასდოლარიან „ჯიპს“ ყიდულობს. 21-ე საუკუნეში რომ გზა არ იქნება, ესაა საქმე? 21 -ე საუკუნეში ხალხს წყალი და დენი რომ არ ექნება, ესაა საქმე? რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ამით არ ინტერესდება და 15 – ათასდოლარიანი „ჯიპით“ დაბრძანდება.
ესეც არ იკმარა და სახელმწიფო ბალანსზე არსებული ყოფილი სატყეოს შენობის „დათრევა“ მოინდომა. ამის გამო მას სატყეოს თანამშრომელ ჯამაგიძესთან უთანხმოებაც მოუვიდა. ცემა-ტყეპა გამართეს, მოქცეულიყო ქუცნაშვილი წესიერად და არ ატყდებოდა ეს ამბავი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დღეს ქუცნაშვილი რაიონის ცენტრში რეზიდენციას იშენებს. ამ უმსგავსობაზე ხმას არავინ იღებს. თუ უახლოეს მომავალში ვითარება არ გამოსწორდება, რეაგირებაც არ დააყოვნებს.
რაც დღეს თიანეთში ხდება, ამის ატანა უკვე შეუძლებელია. ერწოს მხარეში, 52 კილომეტრის რადიუსზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მხოლოდ ერთი მანქანა ჰყავთ. ვკითხე, თუ ერთდროულად 2 გამოძახება იქნა, რას შვრებით-მეთქი? მითხრეს, მეორე პაციენტი უნდა დაგველოდოსო. ეს დალოდება კი შესაძლოა, სავალალო შედეგით დასრულდეს. ამ პირობებში გაღატაკებული თიანეთის ცენტრში მდიდრული რეზიდენციის აშენება სირცხვილია და მეტი არაფერი“, – ამბობს გიორგი ჩიტაური გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები