თორნიკე შარაშენიძე: არა მგონია, ვინმე გამოჩნდეს, ვინც ამ პროცესებს შეაჩერებს, რადგან ამერიკის შეიარაღებულ ძალებს წინ ვერავინ გადაუდგება – თავად ამერიკამ უნდა გადაწყვიტოს, როდის გაჩერდეს და ირანში იმ ჯანსაღ ძალებს დაელაპარაკოს, რომლებიც კომპრომისზე წავლენ

“როცა ამერიკა ბომბავს ირანს, იქ რუსეთმა რა უნდა გააკეთოს? ვერანაირად ვერ ჩაერევა. შეუძლია მხოლოდ იარაღი მიაწოდოს, მაგრამ უკრაინაში ომის გამო ზედმეტი შეიარაღება არა აქვს. მიწოდებასაც ლოჯისტიკა სჭირდება”,- ამის შესახებ ჯიპა-ს პროფესორი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, თავად ამერიკამ უნდა გადაწყვიტოს, როდის გაჩერდეს და ირანში იმ ჯანსაღ ძალებს დაელაპარაკოს, რომლებიც კომპრომისზე წავლენ.

“უკრაინაში ადვილია – აწვდიან პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან და ა.შ. ირანის გამო ამერიკასთან ომში, ცხადია, არ ჩაებმებოდა, ეს სისულელეა. ბირთვული სახელმწიფოები ერთმანეთთან ომს ერიდებიან… ჩინეთს უფრო მეტი აქვს დასაკარგი, ვიდრე რუსეთს, რადგან ირანი მისი დიდი ნავთობმიმწოდებელია, რუსეთს კი ნავთობი არ სჭირდება, პირიქით, ამ სიტუაციაში ჩინეთი მისგან უფრო მეტს ყიდულობს… ბოლო მონაცემებით, ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებზე სერიოზული შეტევები აღარ ყოფილა. გაანადგურეს ბუნკერების დიდი ნაწილი, სადაც რაკეტები და დრონები ინახებოდა.

საკითხავია, მერე რა იქნება? შეიძლება მივიღოთ სირიის მსგავსი ქაოსი და ამის საშიშროება ძალიან დიდია. ირანში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მაინც დასრულებულია, თუ რაღაც სიურპრიზი არა აქვთ შემონახული. ევროპის თავშეკავებული განცხადებები გასაგებია – რეგიონში სიტუაციის არევის შემთხვევაში ქაოსი მას მისწვდება, ამერიკა კი შორს არის. ევროპა ასევე დამოკიდებულია ამ რეგიონის ნავთობზე. ჰორმუზის სრუტე ერთი კვირაა დაკეტილია და ევროპა ზარალს ნახავს. მართალია, გაზსაცავებში ჯერ კიდევ აქვთ მარაგი, მაგრამ ნავთობის მხრივ რა იქნება და როდის გაიხსნება სრუტე, უცნობია. გასაგებია ესპანეთის განცხადებებიც, ის არ უჭერს მხარს ამერიკას, დიდად არ ადარდებს მისი მუქარა, რომ აღარ დაიცავს – მის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება. ამიტომაცაა ორიენტირებული საკუთარ ეკონომიკურ ზრდაზე და არა მილიტარისტულ ბიუჯეტზე. გარდა ამისა, მათ ტერიტორიაზე ბევრი მუსლიმანი ცხოვრობს და არ სურთ მათი განაწყენება. ბრიტანეთშიც მსგავსი ვითარებაა. იქაც მიიჩნევდნენ, რომ ეს ომი საჭირო არ იყო და ამერიკას სხვა მიმართულებით უნდა ემოქმედა. ბრიტანეთსაც ბევრი მუსლიმანი მოქალაქე ჰყავს.

ომის პირველივე დღეს, თანაც რამადანის დროს, შიიტების სულიერი ლიდერი მოკლეს, შიიტები კი გაცი­ლებით ფანატი­კოსები არიან. ამიტომ­ ტრამპის ეს ნაბიჯი ბევრმა ვერ გაიგო, მგონი, ვერც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. ამერიკამ ეს ომი ნატოს წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციის გარეშე დაიწყო. ნატოს წევრებს საფრთხე არ ემუქრებოდათ – ასეთი რამ მხოლოდ ჰიპოთეზური იყო და ისიც ისრაელისთვის, რომელიც ალიანსის წევრი არ არის. ნატოს წევრი ქვეყნები ახლა უკრაინის დახმარებაზე არიან ფოკუსირებული, თუმცა დახმარება ძალიან უჭირთ, რადგან ამერიკა უკრაინას შეიარაღებას აღარ აწვდის. ვფიქრობ, ირანში დახარჯული რესურსის გამო უკრაინა კიდევ დიდხანს ვერ მიიღებს დახმარებას… როგორც ჩანს, ამერიკამ და ისრაელმა ყველაფერი ისე დაგეგმეს, რომ სხვებს არაფერი ჰკითხეს. ახლა უმთავრესია, რა შედეგს მივიღებთ. თუ ირანში “სირიის ვარიანტი” განმეორდა, ეს მხოლოდ ჰუმანიტარული კატასტროფა არ იქნება, იქაც მშვიდობიანი ადამიანები იხოცებიან, ხოლო თუ საკითხს ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე შევხედავთ, ამას ნავთობის ფასების სერიოზული ზრდა მოჰყვება. ირანში არეულობა ტერორისტული ჯგუფების გაჩენას ნიშნავს, რაც საფრთხეს შეუქმნის მეზობელ ნავთობმომპოვებელ სახელმწიფოებს.

ირანული ნავთობის ექსპორტი შეიძლება საერთოდ შეწყდეს. ევროპას ეს სიტუაცია არ აწყობს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაზის ფასი ისედაც გაორმაგდა, ახლა კი ნავთობიც ძვირდება, რაც სამომხმარებლო ბენზინზე უკვე აისახა… სწორედ ამიტომ იბრძვის ორბანი “დრუჟბას” ნავთობსადენის განახლებისთვის – მას რუსეთიდან იაფი ნავთობის მიღება სურს. ჩინეთიც და ინდოეთიც რუსულ ნავთობს შედარებით იაფად ყიდულობენ. რუსულ ნავთობზე მოთხოვნის ზრდა ახლა შეიძლება დროებითია, მაგრამ თუ ირანში ქაოსი გახანგრძლივდა, ფასები მაღალ ნიშნულზე დიდი ხნით დარჩება. ვფიქრობ, ისრაელს ირანში “სირიის ვარიანტის” შექმნა აწყობს, რადგან მიიჩნევს, რომ სირიის მოვლენებმა საბოლოოდ მასზე დადებითად იმოქმედა. სირია, როგორც საფრთხე, ისრაელისთვის განეიტრალდა. ამიტომ, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ ირანშიც ჯობს ქაოსი იყოს, ვიდრე მუდმივად დაბომბვის მოლოდინში იყვნენ. რამდენად რეალური იყო ირანის მიერ ისრაელის დაბომბვის საფრთხე, არ ვიცი, თუმცა ფაქტია, ისრაელი ირანს ყოველთვის პირველი ბომბავდა. არა მგონია, ვინმე გამოჩნდეს, ვინც ამ პროცესებს შეაჩერებს, რადგან ამერიკის შეიარაღებულ ძალებს წინ ვერავინ გადაუდგება. თავად ამერიკამ უნდა გადაწყვიტოს, როდის გაჩერდეს და ირანში იმ ჯანსაღ ძალებს დაელაპარაკოს, რომლებიც კომპრომისზე წავლენ”, – აცხადებს შარაშენიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები