დავით მათიკაშვილი: შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ის უმძიმესი მოცემულობა, რაც არის დღეს ევროკავშირში
“პეტერ ფიშერისგან მსგავსი ტიპის განცხადებებს დღენიადაგ ვისმენთ”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც, „საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვისგან მოწყვიტა ევროკავშირისკენ მიმავალი საერთო გზიდან“.
როგორც მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აღნიშნა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ის უმძიმესი მოცემულობა, რაც არის დღეს ევროკავშირში იმ ევრობიუროკრატიის გადამკიდე, რომელიც ამ სახელმწიფოთა გაერთიანებას მართავს.
„თუ ავიღებთ ობიექტური რიცხვებით თვლად მონაცემებს, საქართველოს მოლდოვასა და უკრაინაზე ბევრად უკეთესი თამასა აქვს ვალდებულებების შესრულებაში, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში, ვიდრე მოლდოვაში ან უკრაინაში.
თუ საქართველოსგან იმას ითხოვდნენ, რომ უარი თქვას დამოუკიდებლობაზე, ან ტერიტორიებზე უარის თქმა არის იმის საფუძველი, რომ საქართველოს ევროკავშირში კარი გაეხსნას, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია შევაფასოთ, რომ საქართველო ამ გზას არასდროს აირჩევს. ჩვენ ვერასდროს ვიტყვით უარს ჩვენს ტერიტორიებსა და დამოუკიდებლობაზე.
შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ის უმძიმესი მოცემულობა, რაც არის დღეს ევროკავშირში იმ ევრობიუროკრატიის გადამკიდე, რომელიც ამ სახელმწიფოთა გაერთიანებას მართავს.
თავის დროზე, როდესაც ევროკავშირი შეიქმნა იმ ღირებულებების გარშემო, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების დაცვა და პატივისცემა, მედიისა და სიტყვის თავისუფლების დაცვა, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება და მშვიდობა, ეს ყველაფერი დღეს პრაქტიკულად ნიველირებულია იმ ევრობიუროკარეტბის მიერ, ვინც დღეს ევროკავშირს მართავს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.