გიორგი კობერიძე: ირანის რეჟიმის ჩამოშლა მხოლოდ დაბომბვით შეუძლებელია
“ირანის რეჟიმის ჩამოშლა მხოლოდ დაბომბვით შეუძლებელია”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ჰიპოთეზურა, თუ ომი დღესვე დამთავრდა, მომდევნო 1-2 წელიწადი ირანში ეკონომიკური და ეკოლოგიური კატასტროფული მდგომარეობა იქნება.
“ირანი იმართება იდეოლოგიური სტრუქტურით, რომელსაც “ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი” ჰქვია. IRGC 200 ათას სამხედროს ითვლის. მათ უკავიათ თითქმის ყველა საკვანძო სამხედრო და პოლიტიკური თანამდებობა როგორც ჯარში, ასევე იმ შეიარაღებულ სტრუქტურაში, რომელიც ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა” და მას დაქვემდებარებულ ბასიჯთა დანაყოფებშია. ბასიჯთა დანაყოფების ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ რეგისტრირებულთა რიცხვი დაახლოებით 10 მილიონია, ხოლო აქტიური პერსონალი დაახლოებით 3 მილიონი ჰყავს. თუკი ჩვენ ვლაპარაკობთ რეჟიმის ცვლილებაზე, რეჟიმი არ არის მხოლოდ აიათოლა ხომეინი, ხამენეი ან მისი შვილი ხამენეი, რეჟიმი არის მრავალათასიანი რადიკალური სტრუქტურა, რომელსაც აქვს ძალაუფლება, რომელიც იდეოლოგიურად მოძრავია და მათი მოტივატორი, ბასიჯებისგან განსხვავებით, არ არის ფინანსები. ბასიჯების უმრავლესობას უფრო მეტად ფინანსური ინტერესები ამოძრავებს. ამიტომ რეჟიმის ჩამოშლა მხოლოდ დაბომბვით შეუძლებელია.
დაბომბვა ეფექტური საშუალებაა, თუკი გაქვს საზღვაო და საჰაერო დომინაცია. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტიპის შეტევითი სახმელეთო ოპერაციის გამარჯვება გარანტირებულია. აშშ-მა ჩრდილოეთი ვიეტნამი თითქმის მიწასთან გაასწორა, იქ უფრო მეტი ბომბი ჩაყარეს, ვიდრე მეორე მსოფლიო ომში, მაგრამ აშშ-ს არ ჰქონდა იმის პოლიტიკური ნება, რომ ჩრდილოეთი ვიეტნამი მთლიანად დაემორჩილებინა სახმელეთო ოპერაციით, გაეღო მსხვერპლი და მიეღო შედეგი. ამიტომაც არ იმოქმედა იქაც მხოლოდ საჰაერო იერიშებმა. საჰაერო და საზღვაო დომინაცია არის საშუალება და არა შედეგი, შედეგი იქნება “გუშაგთა კორპუსის” განადგურება აჯანყებულების ხელით, მოსახლეობა ან ჯარის ნაწილები უნდა აჯანყდნენ… მესამე ვარიანტია დისიდენტებისგან შეიკრას ჯარი, გადასხან ადგილზე და უმცირესობები ააჯანყონ. ამის შემდგომ, თუკი რეჟიმი გადარჩება (შეიძლება ამის შემდგომ რეჟიმი ვერ გადარჩეს იმიტომ, რომ როცა ომი დამთავრდება, ისეთი ეკონომიკური კოლაფსი იქნება, კრიზისი შეიქმნება და შეიძლება თავისთავად ჩამოიშალოს), ამ დეგრადირებას გამოასწორებს, თავის უნარებს და შესაძლებლობებს აღიდგენს, ბირთვულ იარაღზე დაიწყებს მუშაობას და, ალბათ, ბოლოში გაიყვანს კიდეც.
ამიტომაცაა ახლა გარდამტეხი მომენტი, რომ აშშ-მა შეიძლება მართლაც სცადოს საჰაეროდარტყმებით წარმატების მოპოვება, მაგრამ თუკი IRGC არ განადგურდა, ეს იქნება ლიმიტირებული შედეგის მომტანი. მისი განადგურების ერთი მეთოდია არა ბაზების დაბომბვა, არამედ იმ საველე პოლიციური დაწესებულებების დაბომბვა, რომლებშიც თავმოყრილები არიან გუშაგთა კორპუსის წევრები. აშშ და ისრაელი ახლა გადავიდნენ კონკრეტული ცოცხალი ძალის განადგურებაზე და ეს დამაიმედებელია, შეიძლება ისინი მართლაც სერიოზულად უდგებიან IRGC-ს მაქსიმალურად გამოხშირვას. შესაძლოა რეჟიმის ჩამოშლა ამანაც არ მოიტანოს, მაგრამ თუ სახმელეთო ოპერაციები დაიწყება, გუშაგები ძალიან დასუსტდებიან. ვფიქრობ, არასწორად გვქონდა წარმოდგენილი, რომ აიათოლას რეჟიმი ერთკაციანია, რეალურად, იდეოლოგიურ ფანატიკოსებს უჭირავთ ხელში ჯარი და მართვის სისტემა.
შესაბამისად, მათი განადგურების გარეშე ერთი ლიდერის მოშორება არაფერს ცვლის. ეს სტრუქტურაში დემორალიზებას იწვევს, მაგრამ არ ნიშნავს რეჟიმის კოლაფსს. ისიც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შიდაარეულობა იქნება – განხეთქილებაა “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა” და ჯარს შორის (გუშაგები საყვედურობენ ჯარს, თქვენგან განსხვავებით ჩვენ ძალიან დიდი მსხვერპლი გვაქვსო). არც მეორე აიათოლა ყოფილა მაინცდამაინც მისასალმებელი ფიგურა, რადგან სხვებსაც ჰქონდათ სურვილი ყოფილიყვნენ სულიერი ლიდერები. მოჯთაბა ხამენეი არ არის ისეთი ცნობილი სულიერი და რელიგიური ფიგურა, როგორიც სხვები… ირანისთვის მთავარი არა უსაფრთხოების სისტემა, არამედ გუშაგთა კორპუსია, რომლის იდეოლოგიურად მამოძრავებელი შეიარაღებული ადამიანები არიან, ისინი აკონტროლებენ ყველაფერს. ეს არა ვერტიკალური, არამედ ჰორიზონტალური, შეიარაღებული ფანატიკოსების სისტემაა, ამიტომაც `გუშაგთა კორპუსის~ განადგურების გარეშე, რეჟიმის განადგურება წარმოუდგენელია. ეს თავად იდეოლოგიური სისტემაა (არა ერთეული ადამიანი), რომელიც აკონტროლებს ყველაფერს სახელმწიფოში.
ავტორიტარული რეჟიმები სრულდება მაშინ, როდესაც 1. ეკონომიკური კოლაფსი აქვთ და ამ კოლაფსს მოსდევს სახალხო აჯანყება; 2. გარე შემოჭრა, რამაც როგორც ლიბიაში ან ერაყში დაასრულა რეჟიმი; 3. სამხედრო გადატრიალებამ შეიძლება დროებით ჩაანაცვლოს ერთი რეჟიმი მეორით, სანამ ეს რეჟიმი არ დაიწყებს დემოკრატიზაციას. რეჟიმი დაბომბვებით არ იშლება, დაბომბვას შეიძლება მოჰყვეს კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობა, რამაც შესაძლოა მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვიოს არა მარტო მოსახლეობაში, მათ შორის ბასიჯებშიც – მათ თუ ხელფასს ვერ გადაუხდი, ჯარი თუ ფულს ვერ აიღებს, პოლიცია ხალხს თუ აღარ დაარბევს, 200 ათასი კაცი 91-მილიონიან ქვეყანას ვეღარ გააკონტროლებს. ამიტომაც რეჟიმს მოუწევს გახსნა, კოლაბორაციაში ჩაბმა, ან რეჟიმი დაემხობა. შესაძლოა მივიღოთ საპირისპირო ამბავიც.