“უწმინდესის მიერ გადადგმული არც ერთი ნაბიჯი არ დაიკარგება, ის უკვე ჩვენს მომავალშია გადასული და ამიტომაც არ შეიძლება მის წასვლას ეწოდოს დასასრული. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, ცხოვრებას როგორ გავაგრძელებთ უწმინდესის გარეშე, თუმცა მისი შეწევნით”,- ამის შესახებ ლაშა ჟვანია, რომელიც უწმინდესის გვერდით იყო მისი ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო წუთებში გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, უწმინდესს თავისთვის არაფერი შეუქმნია, საკუთარი თავი ცენტრში არასდროს დაუყენებია, ის ყველაფერს აკეთებდა სამშობლოსთვის, ხალხისთვის, ეკლესიისთვის.
“ბებია რომ გარდაიცვალა, სიონში მივედი, მაშინ უწმინდესი სიონის ეზოში ცხოვრობდა. ტაძრიდან რომ გამოვედი, ჩემმა ნათლიამ მითხრა, აი, პატრიარქიო და უწმინდესთან დასალოცად მიმიყვანა. 1981 წელს იყო და დღემდე მახსოვს ის განცდა, რომელიც მაშინ დამეუფლა… მოგვიანებით უწმინდესთან “პიონერფილმის” ბავშვები გრიშა ჩიგოგიძემ მიგვიყვანა. მაშინ უკვე ეკლესიაში დავდიოდი და პატრიარქის ოთახიდან სულ ბოლოს მე გამოვედი. ჩემდა უნებურად, უკან მივიხედე და დავინახე, უწმინდესი ზურგს უკან პირჯვარს მწერდა… იმ პირჯვრისწერის მადლს მთელი ცხოვრება ვგრძნობ. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ არაერთხელ გავიგონე ფრაზა: “ეპოქის დასასრული”. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს დასასრული კი არა, გაგრძელებაა. უწმინდესს თავისთვის არაფერი შეუქმნია, საკუთარი თავი ცენტრში არასდროს დაუყენებია, ის ყველაფერს აკეთებდა სამშობლოსთვის, ხალხისთვის, ეკლესიისთვის. ნეტავ, ერთი წამით მაინც გადმოახედა და ეს ერთობა დაანახა. ეჭვიც არ მეპარება გვხედავს და ხარობს… ადამიანების უწყვეტი ტალღაა, უმრავლესობა ბავშვი და ახალგაზრდაა, სწორედ ესაა განგრძობადობა…
უწმინდესის მიერ გადადგმული არც ერთი ნაბიჯი არ დაიკარგება, ის უკვე ჩვენს მომავალშია გადასული და ამიტომაც არ შეიძლება მის წასვლას ეწოდოს დასასრული. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, ცხოვრებას როგორ გავაგრძელებთ უწმინდესის გარეშე, თუმცა მისი შეწევნით. შემთხვევით არ მითქვამს, ამდენი ხალხი რომ ენახა-მეთქი… ერთ ამბავს გიამბობთ: 2011 წელს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ პატრიარქთან ყოველგვარი შეთანხმებისა და კონსულტაციის გარეშე მიიღო კანონი, რომელიც სხვა ყველა რელიგიურ მიმართულებას ათანაბრებდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მაშინ სოციალურ ქსელში სამმა ახალგაზრდამ დაწერა, რომ ამის გასაპროტესტებლად, მეგობრებთან ერთად აპირებდნენ შეკრებას ქაშუეთის ეკლესიასთან და შემდეგ სამებისკენ უნდა დაძრულიყვნენ. უწმინდესმა გადაწყვიტა, სამებაში პარაკლისი შეესრულებინა და ჩვენც საკათედრო ტაძარში ავედით. მისთვის მაშინ ძალიან მძიმე დღეები იყო – უწმინდესი საკურთხეველში იჯდა, თავჩახრილი და უტყვი, იმაზე მეტად მოხრილი, ვიდრე უკანასკნელ დღეებში იყო. მის გვერდით ვიდექი, როცა დამირეკა მეგობარმა, რომელიც ხალხის ტალღას მოჰყვებოდა და უკვე სამების ეზოში შემოდიოდნენ. მითხრა, იმდენი ხალხი შეიკრიბა, ჩემი ახლობლები ჯერ ბარათაშვილის ხიდზეც არ შემოსულან, მათ უკან კი კიდევ ხალხიაო. პატრიარქს ეს ამბავი ვუთხარი და თან გახარებულმა დავამატე – ქართველი ერი არ მომკვდარა! არასდროს დამავიწყდება, უწმინდესმა თავი ასწია, შემომხედა, გაიშალა მხრებში, მერე მზერა საკურთხევლის უმაღლესი წერტილისკენ აღაპყრო და პირჯვარი გადაიწერა. ეს მისთვის საოცრად დიდი სიხარული იყო.
მაშინ გამახსენდა მოსე, რომელიც წითელი ზღვის მიღმა იჯდა ებრაელ ხალხთან ერთად, რომლებსაც ეგვიპტელები ჩასახოცად მოსდევდნენ. მაშინ მოსე ჩუმად იყო, ხმას არ იღებდა და როგორც ძველ აღთქმაშია, ღმერთის ხმა მოესმა: მოსე, რატომ მიყვირი მე, უთხარი ჩემს ერს, ადგეს და მივიდეს ზღვასთან. იმ მომენტში, როდესაც უწმინდესი თავჩახრილი მდუმარედ იჯდა, მისი ხმა ღვთის წინაშე ყვირილად იყო ასული და მან იცოდა, რომ მისი მდუმარებით გამოხატული ყვირილი შესმენილი იყო… უწმინდესი სწორედ ასეთი მდუმარე ყვირილით, მოთმინებით, ლოცვით, ფაქიზად და სიყვარულით დგამდა ყოველ ნაბიჯს. ნახეთ რა ხდება, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ფარგლებს გარეთ. ახლა უწმინდესთან ჩვენი ემიგრანტების გვირგვინები ვნახე. უამრავი ბავშვი მოდის ხელში ფურცლებით: “მადლობა, პატრიარქო!” შეიძლება ახლა ვერც აცნობიერებენ მადლობას რისთვის ეუბნებიან, მაგრამ ეს ჩვენს მომავალზე აუცილებლად აისახება, ხვალინდელი დღე ხომ სწორედ ეს ბავშვები არიან…
აქამდე ისე ვიცხოვრე, არც ერთი ადამიანის გარდაცვალების მომენტს არ შევსწრებივარ… კლინიკაში შეყვანის მომენტიდან მის გვერდით ვიყავი. კომპიუტერული ტომოგრაფია გადაუღეს და პალატაში შეიყვანეს. ნიღაბი მეკეთა, ჩამოვიწიე, ცნობა რომ არ გასჭირვებოდა, თუმცა ხმითაც ყველას გვცნობდა. მივუახლოვდი და ვუთხარი: თქვენო უწმინდესობავ, შეგვაშინეთ… გაფართოებული თვალებით ამომხედა. გასამხნევებლად გავუღიმე. მისმა მეკელიე მამა დავითმა (ჭინჭარაული) ჩემს ნათქვამს მაშინვე დააყოლა. თქვენო უწმინდესობავ, ისე იცინის, ახლა ამას შეშინებულის რამე ეტყობაო? ბოლო წლებში უწმინდესს ასაკისა და რიგი მიზეზების გამო მიმიკები ნაკლებად ჰქონდა, მაგრამ ჩვენ მაინც მივხვდით მის იმწუთიერ სიხარულს. თავად უყვარდა ასეთი შინაურული გადალაპარაკებები, ხუმრობები, ეს მისი სტილი იყო. მსუბუქი, უწყინარი იუმორი ჰქონდა… ექიმებმა აგვიხსნეს, რომ სამედიცინო პროცედურები სასწრაფოდ უნდა ჩატარებულიყო და მოითხოვდა ანესთეზიას – პატრიარქი უნდა დაეძინებინათ.
აგვიხსნეს, რომ სამედიცინო პროცედურები სასწრაფოდ უნდა ჩატარებულიყო და მოითხოვდა ანესთეზიას – პატრიარქი უნდა დაეძინებინათ. რა თქმა უნდა, დავთანხმდით, მაგრამ ჩემი ერთადერთი მოთხოვნა იყო, სანამ ნარკოზს გაუკეთებდნენ, მისთვის დეტალურად აეხსნათ, რა პროცედურის ჩატარებას უპირებდნენ. ექიმებს უწმინდესთან მამა დავით ჭინჭარაული შეჰყვა და უთხრა, რაც უნდა გაეკეთებინათ. ანესთეზიის გაკეთების წინ მამა დავითმა სთხოვა, თქვენო უწმინდესობავ, გთხოვთ, დალოცოთ საქართველო, დალოცოთ ექიმები…
უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და… დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა. ჩვენ ვგალობდით, როცა უწმინდესი უფალთან გადადიოდა. ვგალობდით იმ საგალობლებს, რომლებიც მას გამორჩეულად უყვარდა. უწმინდესს ვუთხარი: კათოლოკოს პატრიარქო ჩვენო, უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო, ტკბილო მამავ და წინამძღვარო ჩვენო, მადლობელი ვართ თქვენი, მადლობელი ვართ ღმერთის, რათა მოგვცა საშუალება ეს წლები ჩვენთან ერთად ყოფილიყავით, მადლიერებით გიშვებთ ღვთის წინაშე და გაბარებთ წმინდა ნიკოლოზს, წმინდა გიორგის, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს, წმინდა გერასიმე იორდანელს (17-ში ამ წმინდანის ხსენების დღე იყო), დედა ღვთისმშობელს, ანდრია პირველწოდებულს, წმინდა ნინოს… მადლობა, მადლობა მადლობა… მერე გალობა გავაგრძელეთ, ისე, როგორც შევძელით… ასე გავაცილეთ პატრიარქი ღმერთთან. ასეთი იყო ჟამი, დრო და წუთი უწმინდესის ამ ქვეყნიდან გასვლისა.
ნურასდროს ვიტყვით – “რა გვეშველება”! ამით უწმინდესის სულს ყველაზე მეტად შევაწუხებთ. გვეშველება, აუცილებლად და ყველაფერი კარგად იქნება, ამას გვასწავლიდა პატრიარქი მთელი ცხოვრება. ურთულეს პერიოდში ურთულეს დღეებში, მაშინ როცა ჩვენ ცალ-ცალკე პერსპექტივას ვერ ვხედავდით, ის გამოდიოდა და გვეუბნებოდა: ყველაფერი კარგად იქნება! მისი სიტყვები მართლდებოდა… ერთხელ მნიშვნელოვან საკითხზე ვსაუბრობდით. მითხრა, ახლა აქ, ოთახში, ჩვენ გარდა მეფეც არის, ვგრძნობ, ჩვენი წმინდანები გვისმენენო. მასთან სამნი ვიყავით, მე, დავით ჭინჭარაული და დაცვის ბიჭებს რომ ვეძახით, მათგან ერთ-ერთი – უწმინდესს ვუთხარი, მეფისა რა გითხრათ, მაგრამ თქვენთან სამი გლეხი კი ვზივართ-მეთქი… 3 წლის წინ ისრაელიდან ჩამოვედი და უწმინდესის მოსანახულებლად მივედი. საპატრიარქოში ყველანი შეწუხებული დამხვდნენ, მთელი დღე ხმა არავისთვის გაუცია, იქნებ შენ მაინც რამე გითხრასო. შევედი, დამლოცა, დავუწყე ლაპარაკი, მაგრამ რამდენი რამ ვკითხე, პასუხი ვერ მივიღე. რამდენჯერმე ვცადე, ამყოლოდა, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა… გარკვეული დროის შემდეგ შევბედე, თქვენო უწმინდესობავ, ჩემზე ნაწყენი ხომ არ ბრძანდებით, რატომ არ მელაპარაკებით-მეთქი? გამომხედა და მხოლოდ ორი სიტყვა მითხრა: “მოხუცი ვარ”. სუსტად იყო და ჩვენ კი გვსურდა, სულ ელაპარაკა. ის სულ უფრო და უფრო ცოტას ლაპარაკობდა, სულ უფრო და უფრო იყო ლოცვაში… მისი მდუმარება საქართველოსთვის ღმერთამდე ყვირილად ადიოდა. დაუფასდება! ყველაფერი კარგად იქნება! მე ამის მჯერა! ეს რწმენა, ეს განწყობა მან ჩამინერგა და მინდა, ყველასთვის გადამდები იყოს!” – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.