თამარ იოსელიანი: საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის მიმართ საერთაშორისო ინტერესისა და დატვირთვის ზრდა გრძელდება
„იზრდება როგორც საქართველოს დერეფნის ფუნქციური დატვირთვა, ისე ქვეყნის როლი რეგიონულ ლოგისტიკაში“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გატარებული ტვირთების სტატისტიკის შეფასებისას.
მისი განმარტებით, 2026 წლის პირველი ოთხი თვის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის მიმართ საერთაშორისო ინტერესისა და დატვირთვის ზრდა გრძელდება.
„იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 6 მილიონ ტონას მიუახლოვდა, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 21%-იან მატებას ნიშნავს. აქვე ხაზს გავუსვამდი კონტეინერების გადამუშავების მოცულობასაც – ამ პერიოდში ჩვენს ნავსადგურებში დაახლოებით 260 000 TEU გადამუშავდა, რაც თითქმის 8%-იანი ზრდაა. მატება ფიქსირდება პრაქტიკულად ყველა ძირითად სეგმენტში. განსაკუთრებით აღსანიშნავია როგორც საბორნე, ისე გენერალური, კონტეინერიზებული და ნაყარი ტვირთები“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.
თამარ იოსელიანი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო გადაზიდვებში გადამწყვეტ მნიშვნელობას სიჩქარე, პროგნოზირებადობა და საიმედოობა იძენს, საქართველო სწორედ ამ მიმართულებით იმყარებს პოზიციებს.
„საქართველო ევროპასა და აზიას შორის ტვირთების ეფექტიან გადაადგილებას მრავალმოდალური ინფრასტრუქტურით, მოქნილი ლოგისტიკური შესაძლებლობებითა და მზარდი დაკავშირებადობით უზრუნველყოფს. აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ სწორედ ეს შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომლითაც ქვეყანა ძლიერდება და იმყარებს თავის ფუნქციას, როგორც საიმედო, ისე ეფექტიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი რეგიონში“, – აცხადებს თამარ იოსელიანი.