„შუაღამის ნავები“ — როგორ გადაარჩინა დანიამ საკუთარი მოქალაქეები ნაცისტებისგან
1943 წელს დანია ჯერ კიდევ ნაცისტური გერმანიის ოკუპაციის ქვეშ იყო. ომის პირველი წლების განმავლობაში, აქ მცხოვრები ებრაელები შედარებით დაცულად გრძნობდნენ თავს, მაგრამ ეს სიმშვიდე მოჩვენებითი აღმოჩნდა. შემოდგომაზე გავრცელდა საიდუმლო ინფორმაცია, რომ გერმანული სარდლობა მასობრივ დაპატიმრებებსა და დეპორტაციას აპირებდა. ათასობით ადამიანს გადასარჩენად მხოლოდ რამდენიმე დღე ჰქონდა. თუმცა, რაც შემდეგ მოხდა, ოკუპირებული ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო და ჰუმანურ ეპოპეად შემორჩა.
ამ კოლექტიურ წინააღმდეგობას სათავეში თავად დანიის მეფე, კრისტიან X ჩაუდგა. როდესაც ოკუპაციის დასაწყისში ნაცისტებმა ებრაელებისთვის ყვითელი „დავითის ვარსკვლავის“ ტარების სავალდებულო წესის შემოღება სცადეს, მეფემ მკაცრად განაცხადა, რომ თუ ეს მოხდებოდა, პირველ ყვითელ ვარსკვლავს ტანსაცმელზე თავად გაიკეთებდა, როგორც ქვეყნის პირველი მოქალაქე. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული მითი, თითქოს, მეფე ქუჩებში ყვითელი ვარსკვლავით ცხენით დასეირნობდა, რეალობას არ შეესაბამება, მისმა მტკიცე პოზიციამ დანიელებს მკაფიო სიგნალი მისცა — ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს რელიგიური თუ ეთნიკური ნიშნით არ ყოფდა.
საინტერესოა ისიც, რომ თავად გერმანულ ბიუროკრატიაშიც კი აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ამ გეგმის ჩაშლაში. გერმანელმა დიპლომატმა, გეორგ ფერდინანდ დუკვიცმა, რომელიც კოპენჰაგენში მუშაობდა და ნაცისტების საიდუმლო ბრძანებას გაეცნო, საკუთარი სიცოცხლე სასიკვდილო საფრთხეში ჩაიგდო. მან ფარულად შეატყობინა დანიელ სოციალ-დემოკრატებს დაპატიმრებების ზუსტი თარიღი — 1943 წლის 1-ელი ოქტომბრის ღამე. სწორედ მისი წყალობით მოახერხა იატაკქვეშეთმა მოსახლეობის მობილიზება ზუსტად იმ დღეს, როცა გესტაპო ებრაელების სახლებში მივიდა და ისინი, თითქმის, ცარიელი დახვდა.

ამ საოცარი ოპერაციის დროს კოპენჰაგენის საავადმყოფოები დანიის წინააღმდეგობის მოძრაობის ნამდვილ შტაბ-ბინებად იქცნენ. მაგალითად, ბისპებიერგის ჰოსპიტალში ექიმებმა და ექთნებმა, ყალბი სამედიცინო ბარათებითა და მოგონილი დიაგნოზებით, 2000-ზე მეტი ებრაელი დამალეს. რადგან გერმანელები სანაპიროზე ხშირად იყენებდნენ სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებს გაქცეულთა სუნის ასაღებად, დანიელმა მეცნიერებმა და ფარმაცევტებმა სასწრაფოდ შეიმუშავეს სპეციალური ფხვნილი — კოკაინისა და კურდღლის სისხლის ნაზავი. მეთევზეები ამ ფხვნილს გემბანზე ყრიდნენ, რაც ნაცისტური ძაღლების ყნოსვას დროებით მთლიანად თიშავდა და ნავების შემოწმებას შეუძლებელს ხდიდა.
გაფრთხილება ელვისებურად გავრცელდა — ექიმებში, სტუდენტებში, სასულიერო პირებში, მეთევზეებსა თუ უბრალოდ, მეზობლებში. სულ მალე მთელი ქვეყანა, თითქოს, ერთ უხილავ, სოლიდარულ ქსელად გადაიქცა. ზოგ ოჯახს საავადმყოფოებში მალავდნენ, სხვები ეკლესიის სარდაფებსა თუ სოფლის სახლებში გადაჰყავდათ, მაგრამ მთავარი და ყველაზე რთული გამოცდა წინ იყო — დანიიდან უსაფრთხოებამდე მხოლოდ ერთი გზა არსებობდა და ეს გზა ზღვაზე გადიოდა.
სრუტის მეორე მხარეს შვედეთი იყო — ნეიტრალური ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა გაქცეულების მიღებაზე. სწორედ მაშინ დაიწყო საიდუმლო ღამის ოპერაციები. პატარა, ხის სათევზაო ნავები სიბნელეში ჩუმად ტოვებდნენ სანაპიროს. ბორტზე ოჯახები ისხდნენ — შეშინებული ბავშვები, მოხუცები და ადამიანები, რომელთაც მთელი ცხოვრებიდან მხოლოდ თითო პატარა ჩანთა შემორჩენოდათ. ოქტომბრის ზღვა ცივი და სახიფათო იყო, სანაპიროებს კი გერმანული პატრული მკაცრად აკონტროლებდა. მიუხედავად ამისა, მეთევზეები, რომლებიც მანამდე მხოლოდ საკუთარი ლუკმაპურისთვის შრომობდნენ, ახლა ყოველ ღამე სიცოცხლის რისკის ფასად გადიოდნენ წყალში.

ეს მოვლენები მსოფლიო ისტორიაში „დანიელი ებრაელების გადარჩენის“ სახელით შევიდა. სულ რაღაც რამდენიმე კვირაში დანიის მოსახლეობამ მოახერხა და საკუთარი ებრაული თემის, თითქმის, 95% უსაფრთხოდ გადაიყვანა შვედეთის ნაპირებზე. ისტორიკოსები დღემდე აღნიშნავენ, თუ რამდენად იშვიათი და უნიკალური იყო ასეთი მასშტაბის კოლექტიური წინააღმდეგობა ფაშისტურ ევროპაში.
ეს არ ყოფილა მხოლოდ ერთი ან ორი გმირის ისტორია — ეს იყო მთელი ქვეყნის არჩევანი… იმ ადამიანების ისტორია, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მათი მეზობლები და თანამოქალაქეები უბრალოდ „სხვები“ არ იყვნენ. ომის წლებში ევროპა სავსე იყო შიშით, ღალატითა და გულგრილი დუმილით, მაგრამ 1943 წლის იმ ცივ ღამეებში, დანიის სანაპიროდან გასულ პატარა ნავებს რაღაც ბევრად უფრო დიდი გადაჰქონდათ, ვიდრე მხოლოდ დევნილი ადამიანები — მათ გადაარჩინეს იდეა, რომ სოლიდარობა ხანდახან ყველაზე ძლიერი იარაღია ბოროტების წინააღმდეგ.