„რონალდინიოს გამთენიისას, ზუსტად 5 საათზე შევხვდით. „თბილისი მარიოტთან“ თითქმის ორი ცივი, ქარიან-წვიმიანი დღე გავატარე“ – როგორ ახერხებს ჟურნალისტი ეკატერინე ტუკვაძე ცნობილ ადამიანებთან სამახსოვრო ფოტოების გადაღებას?

დაიბადთბილისში. ბავშვობისას აქტიურად მისდევდ სპორტს: 4 წლისა ფიგურულ ციგურაობაზე მიიყვანეს, საიდანაც მოგვიანებით მხატვრულ ტანვარჯიშსა და ცურვაზე  გადაინაცვლ.
წარჩინებით დაამთავრ თბილისის 174-ე საჯარო სკოლა და სწავლა განაგრძ თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ასევე წარჩინებით გაიარ სამივე საფეხური: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და ასპირანტურა.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტობისას სავალდებულო საწარმოო პრაქტიკა გაზეთ თბილისში გაიარ.
4 წლის განმავლობაში იყო დილის გაზეთისკორესპონდენტი. თავდაპირველად სპორტულ, შემდეგ კი სოციალურ საკითხებს აშუქებდ.გაზეთის დახურვის შემდეგ კი, 12 წელი ასევე აქტიურად, ყოველდღიური რიტმით.  იმუშავ საინფორმაციო სააგენტო მედიანიუსში. აქედან 7 წელი იყო საპარლამენტო კორესპონდენტი. ასევე აშუქებდ მთავრობის ადმინისტრაციის საქმიანობასა და ეკონომიკის თემატიკას.
პარალელურად, ჩანახატებსა და ნარკვევებს ჟურნალ ჩვენს მწერლობაში”  ბეჭდავდ.
ამბობს, რომ მისი ჰობია და თვალების დაუზოგავად ყვარს წიგნის კითხვა. ბოლო  წლებში  კი  ჰობი და სტიქია ცნობილ ადამიანებთან სამახსოვრო ფოტოების გადაღება გახდა.
ამ ეტაპზე, ოჯახის გაძღოლის პარალელურად, თანამშრომლობას  კვლავაც მედიანიუსთან  აგრძელებ, სადაც, ძირითადად, კულტურის განსაკუთრებით საინტერესო მოვლენებს  აშუქებ. – ჟურნალისტ ეკატერინე ტუკვაძის პერსონა.

 –  ბავშვობაში  ფიგურული სრიალი, მხატვრულ ტანვარჯიშდა ცურვა გიტაცებდათ… საინტერესო ბავშვობიდან?
–  მთელი ბავშვობა საინტერესოდ გავატარე: სპორტი, ზაფხულობით სოფლად დასვენება, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ტრიალი, წიგნების კითხვა… 4 წლისა ვიყავი, წერა-კითხვა რომ შემასწავლეს. პირველად ნინო ბეზარაშვილის საბავშვო მოთხრობები წავიკითხე. ის გაცრეცილი წიგნი ჩემს თაროს დღესაც ამშვენებს. 4 წლის ასაკიდანვე მოვირგე ციგურები და ყინულზე დავდექი. მოგვიანებით მხატვრულ ტანვარჯიშზე გადავედი, მცირე ხნით კი — ცურვაზე. სპორტი დიდ დროს მართმევდა.
სასკოლო პროგრამის გართულების შემდეგ გავაცნობიერე, რომ წარჩინებული სწავლისა და პროფესიული სპორტის ერთმანეთთან შეთავსება ორი კურდღლის მადევრის ბედს გამაზიარებინებდა და არჩევანი ხარისხიან განათლებაზე შევაჩერე. თუმცა სპორტული გამოცდილება აქტიურ ჟურნალისტიკაში დიდად დამეხმარა: ფიზიკური გამძლეობა, ფეხზე დიდხანს დგომის, სწრაფი სიარულის, თუნდაც სირბილის უნარები ჟურნალისტს ხომ ჰაერივით სჭირდება! მამა, ჟიგული, მხატვარ-კერამიკოსი მყავს. და-ძმის: სოფიოსა და ირაკლის მსგავსად, ბავშვობაში მეც კარგად ვხატავდი. შემდეგ კი წერაზე გადავედი…

ალენ დელონთან ერთად

წარჩინებით დაამთავრე თბილისის 174-ე საჯარო სკოლა და სწავლა გააგრძელე თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. რას გაიხსენებთ სკოლის პერიოდიდან? რატომ ჟურნალისტიკა?
– მოსწავლეობის 11-ვე წელი თბილისის 174-ე საშუალო სკოლაში გავატარე. ჩვენი კლასი მთელ მუხიანში სანიმუშო იყო. მე და ჩემი თანაკლასელები არა მხოლოდ პედაგოგებისაგან, არამედ ერთმანეთისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობდით.
სწორედ იმ წლებში შემოიღეს ე. წ. დიფერენცირებული სწავლება. ჩვენი კლასის ბაზაზე ტექნიკური კლასი შეიქმნა. ჰუმანიტარული მოწოდების მიუხედავად, თანაკლასელებს ვერ ვუღალატე, ჰუმანიტარულ კლასში არ გადავედი და ბოლომდე მათთან დავრჩი. არც დავზარალებულვარ: ფაქტებისა და მოვლენების ასახვისას მათემატიკური სიზუსტის სიყვარული დიდად წამადგა. ჩვენივე კლასის ბაზაზე შეიქმნა სკოლის მხიარულთა და საზრიანთა კლუბი „მუხიანელი ტორეადორები”, რომელსაც მათემატიკის მასწავლებელი ვაჟა მანგოშვილი ხელმძღვანელობდა. გუნდმა გლდანის რაიონის მასშტაბით გაიმარჯვა და, რომ არა „ჩაწყობა”, იქნებ დედაქალაქის პირველობაც კი მოგვეგო.
მოსწავლეობისას ექიმობა მინდოდა. არც სისხლი მეშინოდა და თეთრი ხალათიც მიხდებოდა (იცინის). თუმცა დაიწყო თბილისის ომი და მეცხრეკლასელ გოგონას პროფესიული არჩევანიც რადიკალურად შემეცვალა: საოცრად მომინდა, ჟურნალისტი ვყოფილიყავი და მთელი მსოფლიოსთვის ამეხსნა, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქში ძმათამკვლელი ომი რუსეთიდან იყო გაჩაღებული და ეს არ ყოფილა სახალხო აჯანყება! მე-10 კლასში ყოფნისას, მუხიანში საკაბელო ტელევიზია „მუხიანვიზია“ დაარსდა. საყმაწვილო გადაცემის წამყვანად ქართულის მასწავლებელმა, უსაყვარლესმა ნანა ბუქურმა და თანაკლასელებმა ერთხმად მე დამასახელეს. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი გადაცემის მომზადება დაგვცალდა, რადგან იმ არეულმა დრომ „მუხიანვიზიაც“ მალე შეიწირა.

ოპერის მომღერალი მონსერატ კაბალიე

–  დაამთავრეთ დოქტორანტურა. ასპირანტურის თემა იყო – „რეკლამა ქართულ პრესაში“…
–  ჩემს ხელმძღვანელად აწ განსვენებული პროფესორი, ბატონი რევაზ ბალანჩივაძე დაინიშნა. ეს გახლდათ პირველი მცდელობა, ჯერაც ახლად ფეხადგმული ქართული რეკლამის თავისებურებები შემესწავლა… თემაზე მუშაობამ დიდი დრო და შრომა მოითხოვა, რადგან ქართულენოვანი სახელმძღვანელო ამ სფეროში, ფაქტობრივად, არ არსებობდა. არც ინტერნეტი იყო დღევანდელივით ხელმისაწვდომი…
– მუშაობდით ტრადიციულ ქართულ გაზეთებში – ჯერ „თბილისში“, შემდეგ „დილის გაზეთში“…  ჩანახატებსა და ნარკვევებს ჟურნალ ჩვენს  მწერლობაში ბეჭდავდით…
– როგორც დამწყებმა ჟურნალისტმა, ფეხი გაზეთ „თბილისში“ ავიდგი. ჯერ კიდევ მე-11 კლასში სწავლისას, აქვე გამოვაქვეყნე 5 სავალდებულო პუბლიკაცია, რომელიც თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველებს სხვა საბუთებთან ერთად, მიმღებ კომისიაში რომ უნდა წარგვედგინა. შტატიანი კორესპონდენტი კი ოფიციალურად უკვე „დილის გაზეთში“ გავხდი. აქტიურ, ყოველდღიურ მედიაში ჩაბმული ახალგაზრდა ჟურნალისტისათვის ეს ნამდვილი შემოქმედებითი ტრამპლინი იყო. ს
აოცარი მთავარი რედაქტორის, ქალბატონ მანანა კარტოზიას დამსახურებით, ჩვენი რედაქცია სხვათაგან პროფესიონალიზმითა და კოლეგიალობით გამოირჩეოდა. „ჩვენი მწერლობა“ კი, ლეგენდარული ბატონი როსტომ ჩხეიძის თაოსნობით, დახვეწილი გამოცემის ნამდვილი ეტალონი იყო. მის გარშემო იყვნენ შემოკრებილნი ქართული ლიტერატურისა და კრიტიკის წამყვანი ფიგურები. შემოქმედებითად ფრთები სწორედ იმ ჟურნალში გავშალე. ვწერდი ჩემი საყვარელი, მხატვრულ-პუბლიცისტური ჟანრის წერილებსა და ნარკვევებს.

აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანთან – მადლენ ოლბრაითთან ერთად

რაც შეეხება „მედიანიუსს“, რომელთანაც ჩემი თანამშრომლობა დღემდე გრძელდება, აქ, საინფორმაციო სააგენტოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ოპერატიულობის დონე 10 თავით ამიმაღლდა. გასაშუქებელი თემატიკაც გამიფართოვდა: პარლამენტისა და მთავრობის საქმიანობა, ეკონომიკა, განათლება, რეგიონების ცხოვრება… „მედიანიუსის“ დევიზია: „ახალი ამბები რეალურ დროში“. მას ამ დევიზიდან არსებობის 25 წლის მანძილზე არ გადაუხვევია. ეს კი სააგენტოს ყოფილი მთავარი რედაქტორის, გია ქიტიაშვილისა და დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის. გელა ებანოიძის დამსახურებაა.
ძველი დროისგან განსხვავებით დღეს ჟურნალისტიკაში მთავარი აქცენტები ახალ ამბებზეა გადატანილი.  თქვენ რა პარალელს გაავლებდით, რომელ დროში უფრო მოგწონდათ მუშაობა?
– ო ო… აქ წარსულს უნდა გავეტირო! დიახ! დღეს ყურადღება ახალ ამბებზეა გადატანილი. მათ მოპოვებაში ჟურნალისტს სოციალური მედიაც აქტიურად უწყობს ხელს და ამ მხრივ, საქმეც გაადვილებულია. ჩვენს დროს ახალი ამბების მოსაპოვებლად, უფრო მეტად, ტელეფონზე ვიყავით ჩამოკიდებულნი. ქუჩა-ქუჩა სირბილი მედიისთვის „მოდიდან არასდროს გადადის“. თუმცა ადრე ჟურნალისტები ერთმანეთის მიმართ უფრო სოლიდარულნი და შემწყნარებელნი იყვნენ. ახლა?… წინადადების გასაგრძელებლად ენა აღარ მიბრუნდება…

მუსიკალური ჯგუფის “SNAP”-ის სოლისტი პენი ფორდი

–  ბოლო წლებში თქვენი ჰობი  ცნობილ ადამიანებთან სამახსოვრო ფოტოების გადაღებაა. როდის დაიწყო ეს ჰობი და ვინ არიან ისინი?
– ზემოთ უკვე მოგახსენეთ, მედიცინა მიყვარდა-მეთქი და ხშირად სამედიცინო ენითვე ვხუმრობ: ქრონიკული დაავადებების ტიპისა არ იყოს, 2 ჰობი მაქვს – თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილია წიგნის კითხვა – რაც თავი მახსოვს, სულ ვკითხულობ! შეძენილი ჰობია ცნობილ ადამიანებთან სამახსოვრო ფოტოების გადაღება, რაც ჟურნალისტის საქმიანობის პარალელურად ჩამოყალიბდა. თავდაპირველად, 2001 წლიდან, როცა „დილის გაზეთში“ სპორტის საკითხებს ვაშუქებდი, ფოტოებს მხოლოდ ფეხბურთელებთან ვიღებდი. ფეხბურთი ჩემი უსაყვარლესი სახეობაა, რომელმაც მე და ჩემს და-ძმას ბნელი 90-იანი წლები გადაგვატანინა. 2-3 წელიწადში. როცა რედაქტორმა სხვა სფეროები გადმომაბარა, ჩემი ფოტოგრაფიული ინტერესებიც გაფართოვდა: კინო, თეატრი, მუსიკა, მწერლობა, სპორტის სხვადასხვა სახეობა…
ჩემს არქივს სახელდახელოდ რომ გადავხედე, 300-ზე მეტი ცნობილი სახე მოვთვალე. ყველაფერი სოციალურ ქსელში არ გამომიქვეყნებია. ზოგი ე.წ. ფლეშკებსა და დისკებზეა დატანილი და შესაძლოა, მათმა რაოდენობამ 400-საც კი გადააჭარბოს.
ცნობილი ადამიანების ჩემეულ კოლექციაში შეხვდებით მსახიობებს: სოფია ლორენს, ალენ დელონს, ორნელა მუტის, ფანი არდანს, ჯონ მალკოვიჩს, ზაქარი ლევის, შაჰიდ კაპურს… მწერლებიდან: ორჰან ფამუქს, მიშელ უელბეკს, ფრედერიკ ბეგბედერის, პირკო საისაოს, ერლენდ ლუს…
მუსიკოსებიდან: მონსერატ კაბალიეს, თილ ლინდემანს. ტარია ტურუნენს, თომას ანდერსს, ლუდოვიკო ეინაუდის, რიჩარდ კლაიდერმანს, მაქსიმ მრვიცას, ეროს რამაზოტის, პატრისია კაასს, ალ ბანოს, ტოტო კუტუნიოს, ჯგუფ „რიკი ე პოვერის“, დაიანა კინგს, ჯგუფ „ჯიფსი კინგს“, ჯგუფ „შაკატაკს“, სტენლი კლარკს, ლიზა ფიშერს, ჯეიმი დევისს…
ფეხბურთელებიდან: დიეგო მარადონას, ლუიჯი რივას, ლოთარ მათეუსს, რონალდინიოს, კრიშტიანუ რონალდუს, კაფუს, კაკას, რივალდოს, ხავიერ ძანეტის, ძმებ დე ბურებს, კლარენს ზეედორფს, ედგარ დავიდსს, პატრიკ კლუივერტს, ჯანლუიჯი ბუფონს, პაოლო მალდინის, ალესანდრო ნესტას, ედვინ ვან დერ სარს, დიმიტარ ბერბატოვს, დავიდ ტრეზეგეს, დიდიე დეშამს, ფერნანდო იეროს, ვინსენტე დელ ბოსკეს, ლუის ვან გაალს, მარჩელო ლიპის… მსოფლიო მოგზაურს – ტიმ სევერინს…

ლატვიელი მომღერალი ლაიმა ვაიკულე

–  როგორ ახერხებთ ცნობილ ადამიანებთან შეხვედრას?..
– ცნობილ ადამიანებთან, განსაკუთრებით სუპერვარსკვლავებთან შეხვედრის მოხერხება ყველაზე რთული და ნერვების დამწყვეტი საქმეა. რაც კი ოდესმე გამიკეთებია. ჯერ ვეცნობი ოფიციალურად გამოქვეყნებულ ინფორმაციას მოახლოებული ღონისძიებების (კონცერტების, სპექტაკლების, სპორტული ტურნირების და ა.შ.) შესახებ. შემდეგ ვიწყებ ორგანიზატორების ვინაობის დადგენას, მათი საკონტაქტო ინფორმაციის მოძიებას, მათთან დაკავშირებას და იმის გარკვევას, იგეგმება თუ არა პრესკონფერენცია, რეპეტიცია, პრესისთვის კომენტარი და ა.შ.
ბოლო ხანს ცნობილი ადამიანების პრესკონფერენციები თითქმის აღარ ტარდება, რაც მათთან შეხვედრებს ძალიან ართულებს. ზოგჯერ ორგანიზატორები არც რეპეტიციების დროსა და ადგილს მიმხელენ, რათა სტუმრები ფოტოგადაღებით არ შევაწუხო. მსგავს ვითარებაში უკვე ჩემი წყაროებით, ინფორმატორების, თავად ცნობილების სოციალური ქსელისა და საკუთარი ინტუიციით უნდა დავადგინო მასპინძელი სასტუმრო, სტუმრის დაბინავების სავარაუდო დრო და სხვა დეტალები.
ყოფილა შემთხვევები, როცა სასტუმროსა თუ საკონცერტო დარბაზთან ლოდინი წვიმაში, ქარსა თუ ყინვაში 5-6 საათზე მეტიც კი დამჭირვებია. არც ისე ხშირად, ღვთისნიერი ორგანიზატორებიც გამოერევიან ხოლმე, რომლებიც სტუმართან შეხვედრას თავად მიგეგმავენ…

ყოფილი ამერიკელი მოკრივე – როი ჯონსი

თითქმის ყოველი ფოტოს უკან საინტერესო ამბავია შეყუჟული. მათზე მრავალტომეულები დაიწერება. ერთ ისტორიას გავიხსენებ: 2025 წლის 16 მაისს თბილისს საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ლეგენდები სტუმრობდნენ. მათ შორის იყო ბრაზილიელი ვეტერანი სუპერვარსკვლავი რონალდინიო. მის მოსახელთებლად რამდენიმე გულშემატკივართან ერთად სასტუმრო „თბილისი მარიოტთან“ თითქმის 2 ცივი, ქარიან-წვიმიანი დღე გავატარე. არ დაიჯერებთ და, იმავე ფანებთან ერთად, გამთენიამდეც იქ დავრჩი (კიდევ კარგი, აღარც წვიმდა და ქარიც ჩამდგარიყო).
შენობიდან რონალდინიოს გაყვანის დროსა და გასასვლელს საგულდაგულოდ მალავდნენ. ფანები მის ლოდინში ცენტრალურ და გვერდითა გასასვლელებს ვაკონტროლებდით. ბოლო წუთებზე ერთ-ერთმა ჩვენგანმა ყურმოკვრით გაიგო, რომ ცოცხალ ლეგენდას თაბუკაშვილის ქუჩაზე გამავალი, უკანა გასასვლელიდან გააპარებდნენ.
რონალდინიოს გამთენიისას, ზუსტად 5 საათზე შევხვდით. ფოტოების გადაღება მხოლოდ 5-მა ქომაგმა მოვასწარით. გოგიტა სახეიშვილს, რომელმაც უდიდესი სიკეთე გაგვიკეთა და ფოტოგრაფის მისია შეასრულა, ფოტოს გადაღება დაცვის თანამშრომელმა აღარ მისცა. როგორც იტყვიან, რონალდინიო ცხვირწინ აწაპნა. ეს უკანასკნელი მყისვე აეროპორტისკენ გააქროლეს…

დიეგო მარადონა, ბრაზილიელი ვეტერანი ფეხბურთელი რონალდინიო და კრიშტიანუ რონალდუ

–  ჰობი…
– უკვე მოგახსენეთ, ჩემი ჰობია წიგნის კითხვა – რაც თავი მახსოვს, სულ ვკითხულობ!  და ცნობილ ადამიანებთან სამახსოვრო ფოტოების გადაღება.
ჰობი ჩემთვის ერთგვარი საწვავია, რომელიც უსაზღვრო ენერგიასა და სიხარულს მანიჭებს. სწორედ ის მივსებს ცხოვრებისეული დანაკარგებით გაჩენილ სიცარიელეს! ჰობი ჩემი სულის თავშესაფარია, შინაგანი სამყაროს მთავარი ღერძია. მარცხის წვნევისას თითქოს საყრდენი მეცლება. ეს მძიმე განცდაა, რადგან იმედგაცრუება ზუსტად იქ გხვდება, სადაც ყველაზე ნაკლებად ელი. ამ დროს იწყება საკუთარი თავის დადანაშაულება: ზუსტად რატომ ვერ გავთვალე? რატომ დავაგვიანე? რატომ აღარ გადავამოწმე?..
ოჯახი… გვიამბეთ ოჯახზე. როგორ ასწრებთ ჟურნალისტობას და ოჯახის საქმეებს ერთად?
– რაც შეეხება ოჯახს, მყავს მეუღლე — ზაზა მაისურაძე და 10 წლის გოგონა — ნინო. ოჯახი ჩემთვის ყველაფერია! მადლობა მეუღლეს, რომ ეჭვიანი არ არის და ცნობილ ადამიანებთან (ამ შემთხვევაში, მამრობითი სქესის წარმომადგენლებთან) სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად თავისუფლად მიშვებს (იცინის).
ოჯახისა და აქტიური, ყოველდღიური ჟურნალისტიკის წარმატებით ურთიერთშეთავსება შეუძლებელია, თუკი შინ არავინ გეხმარება. სანამ ჩემს შვილს ჩემი კუდში დევნა დასჭირდება, პრესასთან დროებით განსხვავებული, არაპოლიტიკური კუთხით ვითანამშრომლებ და ფართო საზოგადოებისათვის მიმზიდველ, ნაკლებად მძიმე თემებს გავაშუქებ.

ხორვატი პიანისტი მაქსიმ მრვიცა

– სამომავლოდ ვისთან აპირებთ ფოტოს გადაღებას?
– საქართველოში ჩამოსვლას რომელი ვარსკვლავიც დააპირებს, სიხარულით დავუდგები გვერდით – ცხადია, ფოტოს გადასაღებად!
–  სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმებზე დეტალურად საუბარი არ მიყვარს – მეშინია, ჩემი ბჭობით ღმერთი არ გავაცინო!
თუ უფლის ნება იქნება, ძალიან მინდა, მოგონებების წიგნი გამოვცე, რომელიც სწორედ ჩემს პროფესიასა და მისგან ნაშობ ჰობის მიეძღვნება!

ფინელი მწერალი და მსახიობი – პირკო საისიო

 

                                                                                   თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები