“გავიგეთ, რომ ფსიქიურად დაავადებულთა დისპანსერში წოლილა” – რას ამბობენ მძღოლზე, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა
მძღოლზე, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ირკვევა მამაკაცს მანქანა დაქირავებული ჰქონდა.
როგორც ავტომობილების გაქირავების კომპანიის წარმომადგენელი “ტვ პირველთან” საუბრისას აცხადებს, კაცი ავტომობილის ქირას ყოველდღიურად იხდიდა.
“ჩემი სიმამრის მანქანაა. სახეზეც არ მყავს ნანახი. დაახლოებით ერთი თვეა რაც ნაქირავები ჰყავს მანქანა. ვადები არ ვიცი, რამდენი ხანიც უნდა, იმდენ ხანს იტოვებენ. არ ვიცნობ, არც ნანახი არ მყავს. ქირას, როგორც ჩანს, ყოველდღიურად იხდიდა, თორემ ამდენი ხანი ხომ არ გაუჩერებდნენ მანქანას”, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
საპატრიარქოს თანამშრომელი ამბობს, რომ კაცი მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ბოთლებს ისროდა და ყველას მისამართით ილანძღებოდა.
“პირდაპირ შევარდა, შეანგრია. ჩვენ შიგნით ვიყავით ოთახებში და გამოვედით… გადმოვიდა მანქანიდან ისროდა ბოთლებს. მერე გავიგეთ, რომ მართლა ფსიქიურად დაავადებულთა დისპანსერში წოლილა. ყველას გვლანძღავდა საერთოდ. დაშავებული არავინაა. კამერის ჩანაწერები ჯერ არ ამოუღიათ”, – ამბობს საპატრიარქოს თანამშრომელი.
მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლითაა დაწყებული. მამაკაცი დაკავებულია.