ხათუნა სამნიძე: სამწუხაროდ, როდესაც თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს იჭერენ და მძევლად აჰყავთ, ჩვენს ქვეყანას სათანადო რეაქცია არ აქვს

„სამწუხაროდ, დღეს, როდესაც თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს იჭერენ და მძევლად აჰყავთ, სათანადო რეაქცია არ აქვს ჩვენს ქვეყანას, რომელიც ვალდებულია, ამ დროს ძალიან მკაფიო, მკაცრი და ხმამაღალი განცხადებები ჰქონდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ხათუნა სამნიძემ დღეს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

„მაშინ, როცა მთელი მსოფლიო უყურებდა, როგორ გაიტაცა და მძევლად აიყვანა ლუკაშენკომ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი, ჩვენ ვნახეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უბრალო “ტვიტი”, შიშნარევი, რომელიც რაღაც მოგზაურობის თავისუფლებაზე საუბრობდა მაშინ, როდესაც მთელს მსოფლიოს ძალიან მწვავე რეაქცია ჰქონდა ამ ტერორისტულ აქტზე“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ხათუნა სამნიძემ.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

ბელარუსში რომან პროტასევიჩს მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობასა და ხელისუფლებისა და მილიციის წარმომადგენლების მიმართ „სოციალური შუღლის გაღვივებაში“ ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები