რომან გოცირიძე: სტრასბურგის სასამართლოს ალოგიკური და უსამართლო გადაწყვეტილებით ქართული მედიის ფლაგმანს ანადგურებენ

სტრასბურგის სასამართლოს ალოგიკური და უსამართლო გადაწყვეტილებით ქართული მედიის ფლაგმანს ანადგურებენ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, „რუსთავი 2“ იყო დამოუკიდებელი საქართველოს თითქმის თანატოლი და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უდიდესი ფაქტორი.

„სულ მალე მის ადგილას მორიგი „ბიძინვიზია“ გაჩნდება. „რუსთავის 2-ის“ ჟურნალისტები და მთელი კოლექტივი არის ევროპული ყაიდის პროფესიონალთა გუნდი. დიდი საცოდაობაა, რომ ასეთი ადამიანური სიმდიდრე ერთი ხელის დაკვრით მოშალო. ციფრულ დროში ვცხოვრობთ და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სულ მალე ვიხილავთ ამ ადამიანებს ახალ ეკრანებზე. ივანიშვილისთვის კი ეს ნამდვილად არის პიროსის გამარჯვება, ისეთი გამარჯვება, რომელიც დამარცხების ტოლფასია. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, ის აუცილებლად დაუბრუნდება მის კანონიერ მფლობელებს მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოყალიბდება დამოუკიდებელი სასამართლო. ეს დრო კი შორს არა არის“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოხდა. ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მითითებული მუხლების დარღვევას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები