პაატა დავითაიას ორგვარი “სიმართლე” აგვისტოს ომზე (ვიდეო)

პაატა დავითაია, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს და 2008 წლის ომის შემსწავლელ კომისიას ხელმძღვანელობდა, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ექსპრეზიდენტის ქმედებას განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოგვიდგენს.
პარტია “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია დღეს აცხადებს, რომ “პრეზიდენტ სააკაშვილის მოქმედება იყო აბსოლუტურად ადეკვატური”.
ამასთან, პაატა დავითაიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე 2008 წლის მოვლენები გაიხსენა და სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.
თუმცა, 2008 წელს პაატა დავითაია, რომელიც კომისიას ხელმძღვანელობდა, აცხადებდა, რომ “ომი დაიწყეს ამათმა, რა უნდა გაარკვიონ, დაიწყეს იმის გამო, რომ მთელი ამ წლის განმავლობაში, პოლიტიკა იყო არასწორი, მორჩა”  https://www.youtube.com/watch?v=sGy_W37rQqU
„აქ საჯარო ჩვენებებიდან ამონარიდი არის დატრიალებული ვიდეორგოლში, რაც ცალსახად მინდა ხაზი გავუსვა, არის პირდაპირ ჩვენება იმისა, თუ როგორ ხდება მონტაჟი გარკვეული საკითხებისა. რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ საუბარს იმასთან დაკავშირებით, რომ ცხინვალის ტერიტორიაზე დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, ზუსტად ეს აქვს მას ჩვენებაში ნათქვამი, ზუსტად ეს არის ასახული დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ეს მოხდა იმიტომ, რომ როკის გვირაბიდან შემოდიოდა ათასობით ტანკი და რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცები. იწყებოდა საქართველოს ოკუპაცია. პრეზიდენტ სააკაშვილის მოქმედება იყო აბსოლუტურად ადეკვატური.
რაც შეეხება ჩემს საუბარს, ზუსტად 2008 წლიდან – როდესაც ჟურნალისტთან პრივატული საუბარი არის ჩაწერილი და დაჭრილი ფეიქად – არც ერთი სიტყვა, არ მიმაქვს უკან. არ ვეთანხმებოდი წინა ხელისუფლებას და ამიტომ ვიყავი ოპოზიციაში. ამაზე ვლაპარაკობდი ღიად და არანაირი პრობლემა ამასთან არ გვქონდა. რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებებს, პრივატულ საუბარში არის ის, რაც აისახა დასკვნაში – ცხინვალში შესვლა და ახლა პრივატულ საუბარში რაც შეეხება ომს, ჩვეულებრივი სიტყვათა თამაში არის,“ – განაცხადა პაატა დავითაიამ.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება გავრცელდა, სადაც იგი 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრობს.
ცნობისათვის, 2018 წლის ივლისში, ოპოზიციურმა პარტიებმა მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დააფუძნეს. მათ შორის არის პარტია “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაიაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები