გიორგი ვოლსკი: „დიფ სთეითის“ არსებობას არა თუ ვერავინ გამორიცხავს, ყველა ხედავს, რომ გაცილებით უფრო გამწვავებული გახდა მისი მოქმედებები
“იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არის გამოყენებული გარკვეულ იარაღად „დიფ სთეითის“ მიერ იმისათვის, რომ ქვეყნებში ვითარება მართოს, ჯერ კიდევ კისინჯერი და ბჟეზინსკი ლაპარაკობდნენ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ხვალინდელი ურთიერთობები სწორედ იმ დღის წესრიგზე იქნება აგებული, რომელიც არ ითვალისწინებს „დიფ სთეითის“ იდეებს და რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას, ნაცვლად იმ დღის წესრიგისა, რომელსაც ომი ჰქვია. „დიფ სთეითის“ არსებობას არა თუ ვერავინ გამორიცხავს, ყველა ხედავს, რომ გაცილებით უფრო გამწვავებული გახდა მისი მოქმედებები. დღეს უკვე ბრიუსელის ბერკეტებს იყენებს არა მარტო საქართველოს, არამედ ბევრი მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
“ქრონიკის” ინფორმაციით, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, CNN-ისა და MSNBC-ის ჟურნალისტები სიმართლის დაფარვის მიზნით იმავე ტაქტიკით მოქმედებენ, რომლითაც „დიფ სთეითის“ პროპაგანდის მანქანა.
ეროვნული დაზვერვის დირექტორის თქმით, ე.წ. რუსული ჭორის გამოძიების ფარგლებში „დიფ სთეითის“ არაერთი მოქმედი პირი გამოაშკარავდება. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟის განცხადებით კი, USAID-ისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, „დიფ სთეითის“ აპარატის შემადგენელი ნაწილია.