გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ივლისში უკანონო ტყით სარგებლობის 111 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, უკანონო ტყით სარგებლობის 111 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 65 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 46 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყით სარგებლობის ყველაზე მეტი – 25 ფაქტი გამოვლენილია აჭარაში. იმერეთში დაფიქსირდა – 18 სამართალდარღვევა, კახეთში – 16, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 14, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 12, სამცხე-ჯავახეთში – 12, შიდა ქართლში – 6, ქვემო ქართლში – 5, გურიაში – 2,               1სამართალდარღვევა კი გამოვლენილია მცხეთა-მთიანეთში.
ჯამში ამოღებულია 115 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის შვიდ თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყით სარგებლობის 1003 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 44 უკანონო სახერხი საამქრო.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. სამართალდარღვევათა ფაქტების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. პარალელურად, მკაცრდება სანქციები უკანონო ტყით სარგებლობაზე. კომპლექსურად, ყველა ამ ქმედების შედეგი ისაა, რომ ბოლო წლებში, უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტების კლება შეინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები