საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის სამი ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის სამ ფაქტზე სამი პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულის გამოსავლენად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები თბილისში, ოზურგეთსა და სამეგრელოს რეგიონში ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში – 8 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 39 000 ლარს აღმატება.
გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად, თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს.