დავით მათიკაშვილი ნინო დათაშვილის ექსპერტიზაზე: ეს ყველაფერი არის საგამოძიებო სტრუქტურების საქმე
“ნინო დათაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარება საგამოძიებო სტრუქტურების საქმეა და ყველაფერი მიმდინარეობს იმ წესით, რა წესითაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არის დადგენილი, “- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა, მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ, ნინო დათაშვილისთვის ექსპერტიზის დანიშვნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ამ განცხადებებიდან ირკვევა, რომ თვითონ დაცვის მხარის მიერ მიწოდებული დოკუმენტებით ჩანს, რომ ამ სახის ექსპერტიზის ჩატარება იყო აუცილებელი. ის ქმედებები, რომელიც საზოგადოებამ იხილა საკუთარი თვალით სასამართლოს დარბაზში თუ მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერმა ცალკეული კუთხით გარკვეული შთაბეჭდილება დატოვა საზოგადოებაზე“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
პროკურატურის ცნობით, ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით.