ხარაგაულში, სოფელ ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები გააქტიურდა – მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია, ნაწილი კი, საცხოვრებელი სახლების დატოვებაზე უარს აცხადებს

ხარაგაულის მერია მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე მეწყრულ პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მერიის განმარტებით, მთის ფერდობის დაშლის პროცესის ინტენსივობამ იმატა, რაც მდინარე ყარნებას ხეობის ჩაკეტვის რეალურ საფრთხეს ქმნის.

მათივე ცნობით, სოფლებიდან მოსახლეობის ნაწილი გაიყვანეს ალტერნატიულ საცხოვრებლებში, ნაწილი კი გაყვანაზე უარს აცხადებს.

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. გეოლოგების ცნობით, მთის ფერდობის დაშლის პროცესის ინტენსივობამ იმატა, რაც მდინარე ყარნებას ხეობის ჩაკეტვის რეალურ საფრთხეს ქმნის.

შექმნილი საფრთხის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო ზომები და სოფლების მოსახლეობა უსაფრთხო ტერიტორიაზე ალტერნატიული ფართებით უზრუნველყო. მოსალოდნელი საფრთხის შესახებ როგორც ზეპირი, ისე წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, ადგილობრივების ნაწილი საცხოვრებელი სახლების დატოვებაზე კვლავ უარს აცხადებს.

მეწყრული პროცესების გააქტიურების მომატებული საფრთხის გათვალისწინებით, სოფელ ღვერკსა და ხემაღალში შესვლა მკაცრად შეზღუდულია. სოფლებში მიმდინარე კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის გათვალისწინებით, გეოლოგების ცალსახა რეკომენდაციაა მოსახლეობის დაუყოვნებლივ გაყვანა უსაფრთხო ტერიტორიაზე.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, დაემორჩილონ შესაბამისი უწყებებისა და სპეციალისტების რეკომენდაციებს, არ დააყენონ რისკის ქვეშ საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოება“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები