ჩინეთმა საშიში ვირუსის გამო COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები ხელახლა დააწესა
ჩინეთის მთავრობამ ჩიკუნგუნიას ვირუსის გავრცელების ფონზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, COVID-19-თან დაკავშირებული პრევენციული ზომები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გაზეთი Daily Mail-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, ჩინეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ფოშანში 7 000-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული, ქვეყანაში კი ინფიცირების საერთო რაოდენობა 10 000-ს აჭარბებს.
ჩიკუნგუნია ინფიცირებული კოღოს ნაკბენით გადადის და ჰაერწვეთოვანი გზით ადამიანიდან ადამიანზე არ ვრცელდება.
სტატიაში ნათქვამია, რომ ჩიკუნგუნიას ინფექცია იწვევს სიცხეს, სახსრების ტკივილს და მძიმე შემთხვევებში, სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს, რომლებიც გულსა და ტვინს აზიანებს.
გარდა ამისა, სტატიაში აღნიშნულია, რომ ჩინეთის მთავრობის თანამშრომლები დეზინფექციას უტარებენ ქალაქის ქუჩებს, საცხოვრებელ უბნებს და სამშენებლო ობიექტებს, სადაც ადამიანებს შესაძლოა ვირუსის გადამტან კოღოებთან კონტაქტი ჰქონდეთ.
ამასთან, ჩინეთში, ოფისის თანამშრომლები დეზინფექციას უტარებენ შენობების შესასვლელებს, რაც აშკარა შეხსენებაა იმ ტაქტიკისა, რომელიც ქვეყანამ 2020 წელს COVID-19-ის პანდემიასთან საბრძოლველად გამოიყენა.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ ფოშანიდან მოგზაურებს 14-დღიანი საშინაო კარანტინის გავლა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი დაავალა.
ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ჩიკუნგუნიას შემთხვევების გლობალური ზრდა 2025 წლის დასაწყისში დაიწყო, ძირითადი აფეთქებები ინდოეთის ოკეანის კუნძულებზე – რეუნიონზე, მაიოტასა და მავრიკზე დაფიქსირდა.
მიმდინარე წლის 4 აგვისტოს მონაცემებით, 16 ქვეყანაში დაახლოებით ინფიცირებულთა 240 000 და გარდაცვალების 90 შემთხვევა დაფიქსირდა.