დიმიტრი ცქიტიშვილი: კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო მაშინ წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, მიუხედავად ძალიან ბევრი გაფრთხილებისა

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო მაშინ წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, მიუხედავად ძალიან ბევრი გაფრთხილებისა, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებული არქივის ვიდეოჩანაწერს, სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში, ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებების განხორციელების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო.
“გავრცელებული ვიდეო ჩემთვის ახალი არ იყო, ძალიან კარგად მახსოვს მსგავსი ჩანაწერი, რომელიც ახლა არ მოიძებნება სოციალურ ქსელში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთებული განცხადება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო მაშინ წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, მიუხედავად ძალიან ბევრი გაფრთხილებისა, რომელიც მაღალი დონის თანამდებობის პირებმა ევროპის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მისცეს მაშინდელ ხელისუფლებას. მათ მაინც გადადგეს ეს ნაბიჯი და მისცეს საშუალება რუსეთს განეხორციელებინა სრული ინტერვენცია. ეს ის გადაწყვეტილება იყო, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვაპროტესტებდით. ყველაფერი იყო პროგნოზირებადი. ამაზე განცხადება თავის დროზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა, იყო ბევრი გაფრთხილება, მაგრამ მაშინდელი ხელისუფლება მაინც წამოეგო ამ პროვოკაციას”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა არქივის ვიდეო, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შემდეგ განცხადებას აკეთებს:
„მინდა გითხრათ, ამ კითხვაზე, განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში, რომ კონტროლქვეშ აგვეყვანა ცხინვალი და სამხრეთ ოსეთის ის ადგილები, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით, მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს მძიმე გადაწყვეტილება“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები