ირაკლი სესიაშვილი: წინა ხელისუფლებამ და უშუალოდ, სააკაშვილმა ითამაშა ის როლი, რომელიც ჯდებოდა კრემლისა და პუტინის ინტერესებში

წინა ხელისუფლებამ, უშუალოდ, სააკაშვილმა ითამაშა ის ძალიან ტრაგიკული როლი, რაც ჯდებოდა პუტინის და კრემლის ინტერესებში და ფაქტობრივად, ის გახდა ამ პროვოკაციის თანამონაწილე, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
დეპუტატმა სოციალურ ქსელში გავრცელებული არქივის ვიდეოჩანაწერი შეაფასა, სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში, ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებების განხორციელების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო.
„ჩვენ, ყველა, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, ვთანხმდებით, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და აქ კითხვის ნიშანი არ ჩნდება. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ, უშუალოდ სააკაშვილმა, ითამაშა ის ძალიან ტრაგიკული როლი, რაც ჯდებოდა პუტინისა და კრემლის ინტერესებში და ფაქტობრივად, ის გახდა ამ პროვოკაციის თანამონაწილე. ამიტომ ეს ვიდეო კიდევ ერთი გახსენებაა იმ ტრაგიკული მოვლენების და იმის დადასტურება, რომ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება სააკაშვილს და ხელისუფლებას აფრთხილებდა, რომ რუსეთის პროვოკაციებს არ წამოგებოდა, მან ეს ნაბიჯი გადადგა. შესაბამისად, დღეს თუ ვინმეს ამ მიმართულებით ბოდიში აქვს მოსახდელი, პასუხისმგებელია საკუთარი ხალხის წინაშე, და არა იმ კუთხით, რომ აქ რაიმე კითხვის ნიშანი ჩნდება ოკუპაციასთან დაკავშირებით, აქ საუბარია იმ უპასუხისმგებლო, იმ არასწორ მოქმედებებზე, რამაც სამწუხაროდ, მიგვიყვანა რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაზე”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა არქივის ვიდეო, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შემდეგ განცხადებას აკეთებს:
„მინდა გითხრათ, ამ კითხვაზე, განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში, რომ კონტროლქვეშ აგვეყვანა ცხინვალი და სამხრეთ ოსეთის ის ადგილები, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით, მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს მძიმე გადაწყვეტილება“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები