გიორგი კახიანი: „ევროპული საქართველო“ მტვერსასრუტივით შეისრუტა „ნაციონალურმა მოძრაობამ“

0

უმრავლესობის დეპუტატი, გიორგი კახიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” საბოლოო ჯამში ერთი ოჯახია. კახიანის თქმით, ისინი რეალურად ყოველთვის ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები იყვნენ.
„ფაქტია, რომ „ევროპული საქართველოს“ მხრიდან თავის დროზე, „ნაციონალური მოძრაობიდან“ თითქოსდა წამოსვლა ფიქცია იყო. სინამდვილეში, ეს არის ერთი გუნდი. თუ ისინი ვერ ხვდებიან თავიანთი ქმედებით რა ზიანი მიაყენეს „ევროპულ საქართველოს“, ეს არის პოლიტიკური სიბრიყვე. დღეს „ევროპული საქართველო“ მტვერსასრუტივით შეისრუტა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამას უნდა ათვითცნობიერებდნენ და დარწმუნებული ვარ, ათვითცნობიერებენ კიდეც, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად, არსად წასულან, ყოველთვის იქ იყვნენ და ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა, როგორც ჩანს, ამ შედეგსაც შეგუებული არიან“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჰელსინკში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერთან, გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში ისინი ერთი ოჯახი არიან, ერთი სამშობლო, ერთი სამიზნე და ერთი მტერი ჰყავთ.

კომენტარები

კომენტარი