გიორგი ლომია: ხალხი არის მორალურად გაუპატიურებული იმით, რასაც ჩადიოდა “ნაცმოძრაობა”და რასაც ჩადის ეს ხელისუფლება კოჰაბიტაციით

ხალხი არის შეურაცხყოფილი, მორალურად გაუპატიურებული იმით, რასაც ჩადიოდა “ნაცმოძრაობა” თავის დროზე და რასაც ჩადის ეს ხელისუფლება კოჰაბიტაციით, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე გაპრეზიდენტების შემთხვევაში ყოფილი ხელისუფლების პატიმრობაში მყოფ წევრებს შეიწყალებს, ამას ხალხი არ შეეგუება. ლომიას თქმით, ამ ყველაფერს, შესაძლოა, დაპირისპირებაც მოჰყვეს.
„ვფიქრობ, ახალაიას და მერაბიშვილს, ალბათ, თავად არ უნდა უნდოდეთ გარეთ გამოსვლა, მათ ძალიან ბევრი მტერი ჰყავთ და ალბათ, ვიღაცა, მათზე შურს იძიებს. მეორეც, რომ გამოუშვან და დაიწყონ ახალი პოლიტიკური ძალის ან „ნაცმოძრაობის“ გაძლიერება, მომხრეების შეგროვება და ა.შ. უცბად გაჩნდება რამდენიმე ეროვნული, პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამას. ხალხი არის შეურაცხყოფილი, ხალხი არის მორალურად გაუპატიურებული იმით, რასაც ჩადიოდა „ნაცმოძრაობა“ თავის დროზე და რასაც ჩადის ეს ხელისუფლება კოჰაბიტაციით. ამიტომ, ხალხი ვერ შეეგუება ამას. მივალთ თუ არა სამოქალაქო ომამდე? სავარაუდოდ, მივალთ. მაგრამ, მე არ მგონია, რომ ეს იქნება სამოქალაქო ომი, „ნაცმოძრაობის“ მხარეს იმდენი ადამიანი არ დადგება იარაღით ხელში, რამდენი ადამიანიც დადგება „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. უფრო სამოქალაქო ომს კი ვერ დავარქმევდი, იქნება დაპირისპირება და სამუდამოდ გაქრება პოლიტიკური სივრციდან „ნაცმოძრაობა“, – განაცხადა ლომიამ.
მისი თქმით, თუ მმართველი გუნდი „საქართველოს პატრიოტების“ ფრაქციის რეზოლუციას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ მხარს არ დაუჭერს, ამით არჩევნების წინ “ქართული ოცნების“ ლუსტრაცია მოხდება.
„ერთად ვიხილავთ, თუ რა მოხდება პლენარულ სხდომაზე. თუ მხარს არ დაგვიჭერენ, არჩევნების წინ მოხდება „ოცნების“ ლუსტრაცია, ვინ უჭერს მხარს „ნაცმოძრაობას“ და ვინ უჭერს მხარს სამართლიანობის აღდგენას, ვინ დგას საზოგადოების მხარეს“, – აღნიშნა ლომიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები