გურიაში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მასშტაბური პროექტის – „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, სპეციალისტებმა გურიის რეგიონში სათბურები, ფერმერული მეურნეობები, ბაღები დაათვალიერეს და ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს. პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის და დაავადებებთან ბრძოლის მეთოდებზე, ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების, მეცხოველეობის დარგის განვითარებასა და ვეტერინარიის საკითხებზე, ასევე, თხილის მავნებელ დაავადებებზე და მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ადგილობრივებს ინფორმაცია მიაწოდეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი „მობილური ექსტენცია“ უკვე 2 წელია, აქტიურად მიმდინარეობს და მასში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტების გარდა, სოფლის მეურნეობის რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები არიან ჩართული.
2017 წლის პირველ ნახევარში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა საკონსულტაციო მომსახურება მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებისა და მესტიისა და სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობას ადგილზე გაუწიეს.