დაბა კაზრეთში “არემჯის“ მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის საფარის მშენებლობა დაიწყო
დაბა კაზრეთში კომპანია ,,არემჯის“ მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის საფარის მშენებლობა დაიწყო. როგორც “კვირას” ბოლნისის” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სამუშაოები 1 კვირაა, რაც დაიწყო და ამ ეტაპზე გზის დაკვალვა მიმდინარეობს. 1,100 მეტრის მონაკვეთზე მოეწყობა 22 სმ-ის სისქის ბეტონის საფარის გზა, ტროტუარებითა და სანიაღვრეებით.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, საერთო ღირებულებით 700 000 ლარი.
სამუშაოების მიმდინარეობა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა ადგილზე მოინახულეს.
,,დაბა კაზრეთში წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, კომპანია ,,არემჯის” მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის საფარის მშენებლობა განხორციელდება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი დაბის მცხოვრებლებისთვის, ვინაიდან ამორტიზებული გზის გამო, ჰაერის დაბინძურების თემა წლების განმავლობაში აწუხებდათ ადგილობრივებს. გარდა ამისა, წელსვე, ხორციელდება კაზრეთიდან სოფელ ბალიჭთან დამაკავშირებელ გზაზე გარე განათების ქსელის მონტაჟი, რომელიც აღიჭურვება ენერგოეფექტური ლედ ნათებებით და სოფლის მოსახლეობის თხოვნასაც დავაკმაყოფილებთ. ამას გარდა, დაბა კაზრეთში არსებული 68 ლიფტის შახტიდან წელს 30-მდე კორპუსში მოხდება ლიფტის შახტების რეაბილიტაცია. ჩვენი გუნდი ყველა განსახორციელებელი პროექტის დაგეგმვისას ითვალისწინებს უშუალოდ მოსახლეობის მოთხოვნებს”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.