ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ ფრენბურთელებს შეხვდა
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017 ფრენბურთში ბოლნისელების გამარჯვებით დასრულდა. ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით 1400-ზე მეტი სკოლა მონაწილეობდა. სუპერ ფინალის გამარჯვებულები ბოლნისის №1 საჯარო სკოლის ფრენბურთელი გოგონები გახდნენ და ჩეხეთის საგზურიც მოიპოვეს. მიღებული შედეგების მიხედვით, ისინი 2018 წლის აპრილის თვეში ჩეხეთში, მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან. ფრენბურთელებს დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა უმასპინძლა, მიღებული შედეგები მიულოცა და მომდევნო ჩემპიონატებზე წარმატებები უსურვა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი პროგრამის შესაბამისად მოსწავლეები როგორც წარმატებული სპორტსმენები, გამგეობის სტიპენდიანტები არიან, დავით შერაზადიშვილის თქმით, ამჟამად მიღწეული წარმატებისთვის კი წახალისების მიზნით, ერთჯერად ჯილდოსაც მიიღებენ.
,,სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა 2017 ფრენბურთში წარმატებული აღმოჩნდა ბოლნისელი მოსწავლეებისთვის. N1 საჯარო სკოლის ფრენბურთელი გოგონები 2017 წლის ჩემპიონები გახდნენ და მთელი გულით ვულოცავ მათ ამ დამსახურებულ გამარჯვებას. დასაფასებელია მწვრთნელების შრომაც, რომლებიც ასე იხარჯებიან ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის. სასიხარულოა, რომ ეს ბავშვები მომავალი წლის გაზაფხულზე ჩეხეთში დაგეგმილ მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. მუნიციპალიტეტი ასეთ გამორჩეულ სპორტსმენებს ყოველთვის დაუდგება გვერდში და წაახალისებს“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.