ბოლნისში ახალი გასართობი მოედანი “Friendlymonsters”-ი გაიხსნება
ბოლნისში ახალი გასართობი მოედანი გაიხსნება, რომელსაც გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები, ებერჰარდ შიოკის ფონდის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი პეტერ მიოლერი, ბოლნისის გამგებელი ბატონი დავით შერაზადაშვილი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ბატონი გოგი მეშველიანი დაესწრებიან.
საქართველო-გერმანიის წლის (2017) ფარგლებში, გერმანიის საელჩო თბილისში სხვადასხვა ქართულ-გერმანული თანამშრომლობის პროექტს ახორციელებს, რომლებიც სლოგანით – „მომავლის მემკვიდრეობა” ახალ იმპულსებს წარმოქმნის, მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური კონტაქტების დასამყარებლად.
ერთ-ერთ სამაგალითო პროექტს წარმოადგენს ქ. ბოლნისში ახალი გასართობი ზონის მოწყობა სახელწოდებით FRIENDLYMONSTERS®, „ებერჰარდ-შიოკის” ფონდის მონაწილეობითა და ხელშეწყობით. ამჟამად ექვსი უმუშევარი ახალგაზრდა ადამიანი ხეზე კვეთის გერმანელი ოსტატის, იორგ შულცეს ხელმძღვანელობით, ქ. ბოლნისში თამაშების, სპორტისა და დასვენებისათვის, ხელოვნებისა და გერმანული ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, მრავალფუნქციურ ზონას აწყობს.
ქალაქს შეემატება ახალი საბავშვო სათამაშო მოედანი, გადახურული დასაჯდომი სივრცე და გრილისთვის შემოღობილი ადგილი. ეს პროექტი მონაწილეებისთვისაც საინტერესო და კრეატიულია. ინოვაციური პედაგოგიური მეთოდის გამოყენებით, „Learning by Doing” (სწავლა კეთების დროს) პროექტის მონაწილენი ჩართული არიან პროექტის განხორციელების ყველა ფაზაში, რაც ხელობისა და ხელოვნების მიმართულებით მათი კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობს.
ამ ინვესტიციის წყალობით, ახალგაზრდების მონაწილეობით, ბოლნისის მოსახლეობისთვის შეიქმნება ხელოვნების ნიმუში, რომელსაც გრძერლვადიანი ფუნქციონალური დატვირთვა ექნება. ამასთან, პროექტი უნდა იქცეს ახალგაზრდებთან პრევენციული მუშაობის ნიმუშად, რომლის შედეგადაც ქალაქის ყველა მოსახლისათვის შეხვედრის ადგილი შეიქმნება, მონაწილეებს კი მიეცემათ შესაძლებლობა, შეიძინონ სახელოვნებო უნარ-ჩვევები და თან, საკუთარი წვლილი შეიტანონ საყოველთაო კეთილდღეობის საქმეში.
ეს პროექტი გერმანული კულტურული მემკვიდრეობის გაგრძელება უნდა გახდეს ყოფილ კატარინენფელდში, რომელიც გერმანელმა ახალმოსახლეებმა 1818 წელს დააარსეს.
FRIENDLYMONSTERS® ბოლო 20 წლის განმავლობაში, „ებერჰარდ-შიოკის” ფონდის ხელშეწყობით, სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებულად მოღვაწეობს ახალგაზრდებთან პრევენციული მუშაობის სფეროში. „ებერჰარდ-შიოკის” ფონდმა არაერთი პროექტი განახორციელა, მაგალითად, შუა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და 2015 წლიდან მოყოლებული, პროფესიული განათლების მოდერნიზაციის პროექტის ხელშესაწყობად, საქართველოში ხუროთმოძღვრების სფეროში საქმიანობს.