ოზურგეთში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ოზურგეთში აპრილის თვეში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, ასევე მრავალბინიანი კორპუსების სახურავების და ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაო პროცესს ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე უშუალოდ გაეცნო და დაზარალებულ მოქალაქეებს გაესაუბრა. ქალაქის მერმა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი კორპუსიც მოინახულა, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანდა. სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგად, აღნიშნული კორპუსი ფერადი თუნუქით შეიფუთება.
,,სამწუხაროდ, 23 აპრილს მომხდარმა სტიქიამ ქალაქ ოზურგეთს საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა. დაზიანდა, როგორც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, ასევე მრავალბინიანი კორპუსები. ზარალის სალიკვიდაციოდ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტს თანხა მყისიერად გამოუყო, რამაც საშუალება მოგვცა მოსახლეობის პრობლემები ოპერატიულად გადაგვეჭრა. ქალაქის მერიაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ იმ მოქალაქეთა განცხადებები განიხილა, რომლებმაც მერიას დახმარების თხოვნით მომართეს. კომისიამ ადგილზე შეისწავლა თითოეული განმცხადებლის პრობლემა და მოხარული ვარ, რომ ჩვენ ყველა დაზარალებულს ვეხმარებით“, – განაცხადა ბეგლარ სიოპრიძემ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, მთავრობის დადგენილებით 1 700 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შ.პ.ს ,,პლაზმა“, შ.პ.ს ,,მოდუსი“ და შ.პ. ს ,,ინტექსი“ აწარმოებენ. სალიკვიდაციო ღონისძიებები ორი თვის განმავლობაში დასრულდება.