თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების შესახებ არაფერი წერია

„ტიმოშენკოს, ლუცენკოს და ჯაფაროვის საქმეებისგან განსხვავებით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე ითქვა, რომ მისი წინასწარი პატიმრობა კანონიერი და დასაბუთებული იყო”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ თქვა ის, რაც ჩვენთვის, როგორც მხარისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. “ჩვენ დაინტერესებული ვიყავით, სტრასბურგის სასამართლოს რეალობა ეთქვა, რომ ის წინასწარი პატიმრობა, რომელიც ვანო მერაბიშვილს პირველ სისხლის სამართლის, ე.წ გაფლანგვის საქმეზე შეეფარდა, კანონიერი იყო. ამ მიზანს, ჩვენ, როგორც მხარემ, მივაღწიეთ. ოთარ კახიძის მიერ დასახელებული ტიმოშენკოს, ლუცენკოს და ჯაფაროვის საქმეებისგან განსხვავებით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე ითქვა, რომ მისი წინასწარი პატიმრობა კანონიერი და დასაბუთებული იყო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რადგან ფარცხალაძისა და დარბაისელის ეპიზოდზე გამოძიება არ ჩატარებულა, სტრასბურგის სასამართლომ კითხვის ნიშანი დასვა. “მე-18 მუხლის კუთხით, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ რა თქმა უნდა, წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, მაგრამ არის ფარცხალაძისა და დარბაისელის ეპიზოდი. ვანო მერაბიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მოუყვა ის, რაც ჩვენს საზოგადოებას უამბო. ამაზე აქ, სასჯელაღსრულების სამინისტროში მოკვლევა ჩატარდა, მაგრამ გამოძიება არ ყოფილა და ახლა უნდა ჩატარდეს. ეს გარდაუვალი შეცდომა იყო, რადგან როცა პატიმარი ხელს მთავარ პროკურორს ადებს, მთავარი პროკურორი მის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას ვერ გამოიძიებს და თუ გამოიძიებს, ამას ფასი არ ექნება. ფარცხალაძის ხელში არც არავის ჰქონდა ილუზია, რომ ის თავის წინააღმდეგ სანდო გამოძიებას ჩაატარებდა. დღეს ეს ბარიერი მოხსნილია და პროკურატურას ხელს არაფერი უშლის”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების შესახებ არაფერი წერია. “სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ხსნის გზას, რომ 26 მაისის, გირგვლიანის და გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს ციხის კარი გაუღონ. მას სასჯელი 2018 წლამდე აქვს მოსახდელი და როგორც ვიცი, მისი ვადამდე ადრე გათავისუფლებაც არ იგეგმება”, – განაცხადა წულუკიანმა. მისი თქმით, არის საქმის მესამე, თანხის ნაწილიც.
“არის საქმის მესამე, თანხის ნაწილი. როცა მერაბიშვილის საქმისგან განსხვავებით, ტიმოშენკოს დარღვევების მთელი კასკადი დაუდგინდა, მან მორალური ზიანის და ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება არ მოითხოვა. მერაბიშვილმა თქვა, რომ ის მისთვის მიყენებულ ზიანს 15 ათას ევროდ აფასებს, სტრასბურგის სასამართლომ კი, 4 000 ევრო მიანიჭა. ხოლო ადვოკატს, რომელიც 35 000-ს ითხოვდა, 4 000 ევრო მიენიჭა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები