ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ ინიციატივით, დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ ინიციატივით, 6 მაისს, წმინდა გიორგის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მისივე სახელობის შავნაბადის მამათა მონასტერში – ქვეყნისთვის დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, პანაშვიდს ფრაქციის წევრების გარდა, წარმომადგენლობითი ორგანოს სხვა ფრაქციებისა და აპარატის თანამშრომლები დაესწრნენ. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, წმინდა გიორგის ხსენების დღე საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი და გამორჩეული თარიღია.
„პირველ რიგში, მინდა ყველას მივულოცო გიორგობა და შევახსენო საზოგადოებას, რომ საქართველოს ერთიანობა ყოველთვის ერის და ბერის მთლიანობაზე იყო დამოკიდებული. მოგეხსენებათ, რომ წმინდა გიორგი ქართული ჯარის მფარველად მოიაზრება და სწორედ ამიტომ, ქართველი მეომრები მუდამ აღიქმებოდნენ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ ქრისტეს მხედრებადაც. ჩვენ დღეს პატივი მივაგეთ დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას, ხოლო მათ, ვინც ჩვენთან არის, სამშობლოს სიყვარულს ვუსურვებ“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის რიმა ბერაძის განცხადებით, წმინდა გიორგის ხსენების დღეს მისივე სახელობის ტაძარში დაღუპული ქართველი გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდა შემთხვევითი არ ყოფილა.
„ჩვენ დღეს აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ მეომრებს, რომლებმაც სამშობლოს კეთილდღეობას შესწირეს თავი. ასევე, მსურს ყველა მართლმადიდებელს მივულოცო დღევანდელი დღე და ბედნიერება, წარმატება და ჩვენი სამშობლოს გამთლიანება ვუსურვო“, – აღნიშნა რიმა ბერაძემ. ქვეყნისთვის დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელ პანაშვიდს ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შავნაბადას ბატალიონის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები