მარნეულის 69-ე უბანზე, ყუთში დიდი რაოდენობის ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე შსს-მ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – როვშან ისკანდაროვი და მასთან ერთად კიდევ ერთი პირი დააკავა.
შესაბამის განცხადებას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე ტერცია მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე, როვშან ისკანდაროვმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მომხდარი ფაქტის შესახებ ისაუბრა.
“რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შეგნებულად ამახინჯებენ და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ვიდეომასალას ავრცელებენ.
ჩემი მიზანი კი არ ყოფილა არჩევნების გაყალბების მცდელობა, არამედ ეს იყო ოპოზიციის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია”, – დაწერა ისკანდაროვმა.