ლესია უკრაინკას სახელობის მუზეუმ-ბიბლიოთეკის რეკონსტრუქცია დასრულდა

 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დაბა სურამში ლესია უკრაინკას სახელობის მუზეუმ-ბიბლიოთეკის რეკონსტრუქცია დასრულდა.
„ლესია უკრაინკას სახელობის მუზეუმ-ბიბლიოთეკას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2019 წელს მიენიჭა და, ვინაიდან შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, იმავე წელს შესყიდული იქნა ძეგლის რეკონსტრუქციის პროექტი. ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ შენობის შენარჩუნება შეუძლებელი იყო და ძეგლი უნდა დაშლილიყო აღდგენის მეთოდით.
ძეგლის რეკონსტრუქცია 2020 წლიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე, 2020 წელს, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით შენობა სრულად დაიშალა და ახალი შენობის საძირკვლის ქვაბული მომზადდა. მეორე ეტაპის სამუშაოები – საძირკვლისა და სარდაფის კედლების ამოყვანა, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმავე წელს შპს „,ჯ.ს.ბ. საქართველომ“ შეასრულა.
მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ სამუშაოები კვლავ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გადაიბარა. სამუშაოების მესამე ეტაპზე, 2021 წელს, სააგენტოს დაფინანსებით გაკეთდა რკინა-ბეტონის კარკასი და დამზადდა გადახურვის ფილები. 2022 წელს, მეოთხე ეტაპის სამუშაოების შესრულების მიზნით, შემსრულებელი კომპანიის – შპს „,ჯ.ს.ბ. საქართველოს“ მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო სააგენტოს მხრიდან ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება, რის შემდეგაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წელს ხელახლა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი და ბოლო ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები ამ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – შპს „მშენებელმა“ შეასრულა.
ბოლო ეტაპზე მოეწყო ქანობიანი და ბრტყელი სახურავები, შესრულდა სართულშუა გადახურვა, დამონტაჟდა კარ-ფანჯრები, მოეწყო საინჟინრო კომუნიკაციები, აშენდა შიდა და გარე კედლები, შეიღება ღობე და კეთილმოეწყო მუზეუმ-ბიბლიოთეკის ტერიტორია.
ძეგლის რეაბილიტაციისთვის სააგენტომ დახარჯა 1 864 517 ლარი.
ცნობილი უკრაინელი პოეტისა და მწერლის – ლესია უკრაინკას (ლარისა კოსაჩი) სახელობის მუზეუმ-ბიბლიოთეკა 1952 წელს გაიხსნა. აქ დაცულია მწერლის შემოქმედებასთან დაკავშირებული ექსპონატები: პოეტის კრებულები, ხელნაწერები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკური, ფოტო და ეთნოგრაფიული მასალა“, – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები