ჩრდილოეთ სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის შესასვლელთან ბეტონის სახურავი ნაწილობრივ ჩამოინგრა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა განაცხადა.
„ამჟამად ნაპოვნია ცხედრების რაოდენობა 12-ია. ასე რომ, 12 ადამიანი დაიღუპა“, – აღნიშნა დაჩიჩმა.
მისივე თქმით, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილები და სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
„ჩართულია 80-ზე მეტი მაშველი მძიმე ტექნიკის დახმარებით“, – განაცხადა სერბეთის შს მინისტრმა.
ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ბეტონის კონსტრუქციის ნაწილობრივ ჩამონგრევა. თუმცა, არსებული ინფორმაციით, ნოვი-სადის რკინიგზის სადგურში სამი წლის მანძილზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და სადგურმა მუშაობა მიმდინარე წლის ივლისში განაახლა.