“დონალდ ტრამპისგან უკვე თანხმობაა, რომ ის საქართველოში დაგეგმილი “მსოფლიო მშვიდობის ფორუმის” მთავარი საპატიო სტუმარი გახდება” – ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინანტი, ბესო შენგელია
ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინანტის, ბესო შენგელიას ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპისგან თანხმობაა, რომ ის საქართველოში დაგეგმილი “მსოფლიო მშვიდობის ფორუმის” მთავარი საპატიო სტუმარი გახდება.
ამის შესახებ შენგელიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
“ნობელის მშვიდობის პრემიაზე ჩემი კანდიდატურა კომპლექსური ეკონომიკური პროექტით წარდგა, რომელიც საგანმანათლებლო მხარეს შეავსებს და ასევე საბოლოო ჯამში აინიცირებს ყოველწლიურ საერთაშორისო საოჯახო ფესტივალს – “მსოფლიო მშვიდობის ფორუმს საქართველოში.” ამ ინიციატივასთან დაკავშირებით მე უკვე მხარდაჭერა მსოფლიო ლიდერებისგან მივიღე. მსოფლიო ლიდერებთან კომუნიკაცია ნობელის მშვიდობის პრემიის კანდიდატის სტატუსით დავიწყე. ისინი არ თაკილობენ, პირიქით, ინიციატივას დიდი სიამოვნებით და პატივით იჩენენ, რომ ამ საკითხზე მესაუბრონ. კონკრეტულად პედრო სანჩესისგან, ესპანეთის პრემიერმინისტრისგან, დიდი მხარდაჭერა გვაქვს და უკვე წერილობით დადასტურებულია, რომ როგორც კი “მსოფლიო მშვიდობის ფორუმის” თარიღი ჩაინიშნება, ისინი მზად არიან, ოფიციალური დელეგაციით ჩამოვიდნენ, ასევე თავისი ევროპელი პარტნიორების ინფორმირება მოახდინონ, და დაპატიჟონ. თუმცა, ჩვენი მაყურებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მთავარი მესიჯი არის ის, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან, რომელიც ყოველგვარი კითხვის გარეშე უახლოეს დღეებში აშშ-ს პრეზიდენტი გახდება, უკვე არის თანხმობა, რომ ის გახდება მთავარი საპატიო სტუმარი “მსოფლიო მშვიდობის ფორუმისა”, რომელიც საქართველოში ჩატარდება. ამ ყველაფერზე ჩვენ კომუნიკაცია ქალბატონ კიმბერლი ლოვესთან გვაქვს, რომელიც დონალდ ტრამპის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია. ქალბატონი კიმბერლი ლოვე აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის სენატორობის კანდიდატი, ასევე დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის გუნდის წევრია. ქალბატონი კიმბერლი მზადყოფნას აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ქართული ტელევიზიებისგან შემოთავაზება მიიღოს, რათა მან საჯაროდ, ქართველ საზოგადოებას ინტერვიუ მისცეს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში “მსოფლიო მშვიდობის ფორუმის” საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ისინი დაგვეხმარებიან და დონალდ ტრამპი პირადად იქნება მთავარი საპატიო სტუმარი, რაც უკვე დადასტურებულია” – განაცხადა ბესო შენგელიამ.
შენგელიამ ნობელის მშვიდობის პრემიის კანდიდატი პროექტის დეტალებზე ისაუბრა.
“პროექტი საკმაოდ ვრცელია, ამიტომაა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე კომპლექსური ეკონომიკური პროექტის სახითაა წარდგენილი. მთავარი მესიჯია ის, რომ საქართველოში მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, მათ შორის კონფლიქტური რეგიონებიდან, ოჯახები, ბავშვები, მთავრობის წარმომადგენლები იქნებიან მოწვეულები, რომლებისთვისაც კონკრეტული მიმართულების აქტივობები იქნება დაორგანიზებული. თუმცა, მთავარი საკითხი რაც იქნება: მსოფლიო მშვიდობისთვის მაინიცირებელი აქტივობები პოლიტიკური მნიშვნელობის იქნება. მსოფლიო მასშტაბის და არა ლოკალური მნიშვნელობის იქნება. როგორც ვახსენე, მსოფლიო ლიდერები იქნებიან, ერთი-ერთი ესპანეთის პრემიერმინსიტრი პედრო სანჩესი, ასევე ევროპარლამენტარები, რომლებიც დონალდ ტრამპის გუნდის მიერ იქნებიან მოწვეულები, ასევე დაესწრება პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც მთავარი საპატიო სტუმარი იქნება. ინდოეთი, ჩინეთი, ჩვენი მეზობელი ყველა ქვეყანა, ასევე კონფლიქტური რეგიონები, შუა აღმოსავლეთი – ყველა ამ რეგიონიდან სტუმრები, სახელმწიფოს წარმომადგენლები პოლიტიკურ დონეზე იქნებიან მოწვეულები. განხილვის მთავარი საგანი იქნება ის, რომ საქართველოში, პირველ რიგში, “მსოფლიო მშვიდობის ფორუმი” დაორგანიზდება, დიალოგი გაიმართება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყოველწლიური ხასიათის იყოს.
ამ პროექტის პირველი საფეხური ისაა, რომ მე ფოტო-პერსონალური ანბანის შემსწავლელი წიგნი-მეთოდი შევქმენი, რომელიც მსოფლიო ენებს ერგება, მსოფლიოს განსხვავებულ კულტურებს პატივს სცემს, მსოფლიოს განსხვავებული რეგიონის ბავშვებს ერთმანეთთან აკავშირებს. ამ წიგნის საშუალებით უკვე 57-ზე მეტი ქვეყნიდან, ოჯახებიდან დადებითი უკუკავშირი გვაქვს.
ფილოსოფოსებისგან, მეცნიერებისგან აღიარებულია, რომ ეს მეთოდი, ეს წიგნი რეალურად მსოფლიო მშვიდობის პროდუქტია.
რას ნიშნავს ფოტო-პერსონალური წიგნი-მეთოდი: ეს წიგნი ბავშვისთვის პერსონალურად იქმნება, ის თავად ხდება თავგადასავლის მონაწილე გმირი. წიგნში თითქმის ყოველ მომდევნო გვერდზე ბავშვის სურათი ჩნდება, ილუსტრაციების მხარე შევსებულია საქართველოს გეოლოკაციებით, როგორიცაა ყაზბეგი, სოხუმი, თბილისი და ბევრი სხვა ტურისტული დანიშნულების ზონა. ჩვენ უკვე შედეგები გვაქვს, ამ წიგნების პატრონებმა, ბავშვებმა და მშობლებმა უკვე გადაწყვიტეს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ, თავიანთი შვილები ჩამოიყვანეს. მიზეზი ერთი იყო: ბავშვებმა გამოიჩინეს ინიციატივა [სტუმრობის], ამ წიგნებში გამოსახული გეოლოკაციები, სადაც ზღაპრულად იმოგზაურეს, რეალურად, თურმე, ხელშესახებია და საქართველოში ჩამოსვლით, თურმე, შესაძლებელია რეალურ ცხოვრებაშიც ნახონ. საქართველოსთვის ეკონომიკური კუთხით ეს ბევრს ნიშნავს. წიგნი მსოფლიო ენებს ერგება: ლათინურ დამწერლობას, კირილიცას, ევროპულ ყველა ენას, აღმოსავლური ევროპის ენებს, ივრითს და არაბულსაც. ეს არის ჩვენი უნიკალური წიგნი, რომელიც, გარდა იმისა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზეა, ჩვენ ვემზადებით, რომ მთლიანი პროექტი, წრედი, თავისი “მსოფლიო მშვიდობის ფორუმის” დამაგვირგვინებელი წერტილით გაეროში იქნება წარდგენილი” – განაცხადა ბესო შენგელიამ.
მისივე თქმით, აღნიშნული წიგნი საქართველოში მოსაწვევიცაა.
“ამ წიგნის მეშვეობით ყოველწლიური საერთაშორისო საოჯახო ბავშვთა ფესტივალი დავაინიცირეთ. მისი დევიზი “მსოფლიო მშვიდობის ფორუმი” იქნება, რომელიც პროცესში განვითარდა და პოლიტიკურ დანიშნულებაშიც გადაიზარდა. საქართველოში დაინიცირებული საოჯახო ბავშვთა ფესტივალის საორგანიზაციო საკითხები საქართველოს მთავრობის კონკრეტულ დაწესებულებებს გადაეცემა. ეს, შესაძლოა, იყოს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ან კულტურის სამინისტრო. კონცეფცია, რომელიც აქტივობებს შეეხება, მათ მიერ იქნება განსაზღვრული. რაც შეეხება პოლიტიკური დანიშნულების აქტივობებს – მთავარი საკითხები მიმდინარე გეოპოლიტიკური რთული ვითარება იქნება. მსოფლიო მშვიდობისთვის საქართველო, როგორც მნიშვნელოვანი ლოკაცია, თავისი ახალი იდეით და ინსტიტუციით დაისადგურებს.
თავად წიგნია საქართველოში მოსაწვევი. წიგნის დაახლოებით 30% საქართველოს შესახებ როგორც საინფორმაციო ბუკლეტი, მოსაწვევი ბარათია. ბავშვის ზღაპრული სამყარო რეალურია და ის საქართველოშია – ესაა მთავარი მესიჯი, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველოში საერთაშორისო საოჯახო ბავშვთა ფესტივალი ტარდება, რომელიც მსოფლიო რეგიონების ბავშვებს დააკავშირებს და დაამეგობრებს” – განაცხადა შენგელიამ.
მან პროექტის ეკონომიკური სარგებლის შესახებაც ისაუბრა.
“ოჯახების ჩამოსვლა საქართველოში ჩვენი ქვეყნის ოჯახებისთვის პირდაპირ შემოსავალს ქმნის. საბოლოო ჯამში კი ბიუჯეტისთვის. უკვე რაც აღრიცხული გვაქვს – 80 ოჯახს აღემატება, რაც ვიცით, რომ ამ წიგნებით ხელში ოჯახები ჩამოვიდნენ. ის თუ რამდენი დახარჯეს აქ – ტურიზმის ადმინისტრაციის სტატისტიკას მივყვეთ, თუ რამდენს ხარჯავს შეძლებული ტურისტი საქართველოში, ესაა ათასობით დოლარი. როდესაც ამ წიგნებით მილიონებს გავცდებით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ყოველწლიურად მილიარდ დოლარზე ვლაპარაკობთ. ფინანსების მოზიდვის მთავარი მიმართულებაა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციები, ფონდები, კომპანიებთან საპარტნიორო კონტრაქტების, რომლებიც გლობალური ინტერესის პროდუქტს აწარმოებენ. თანამშრომლობა ზუსტად ამ მიმართულებითაც გვაქვს. ეს მას შემდეგაც განვითარდა, რაც დასტურად მივიღეთ, რომ “მსოფლიო მშვიდობის ფორუმზე” ინფორმაციას ილონ მასკსაც მიაწვდიან და მასკიც ერთ-ერთი მთავარი საპატიო სტუმარი გახდება.
ზედმეტად ამპარტავანი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ თარიღს მე განვსაზღვრავ. ეს ასე არაა. ქალბატონმა კიმბერლიმ მთხოვა, გავაჟღერო, რომ ის მზადაა, დონალდ ტრამპის სახელით საქართველოს მოსახლეობისთვის კონკრეტული მესიჯი გააჟღეროს. საორგანიზაციო საკითხებზე საქართველოს მთავრობასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად რიგ პასუხისმგებლობას ისინი აიღებენ. თარიღებს განსაზღვრავენ ისინი, ვიდრე ინიციატორი” – განაცხადა ბესო შენგელიამ.