გიორგი ცუცქირიძე: ოპოზიციური ნარატივი „ემაარის“ 6.5 მილიარდიანი ინვესტიციის შეფასებისას, პროექტის ნეგატიური მხარის წარმოჩენაზეა გადატანილი – ცდილობენ მოსახლეობის განწყობებზე თამაშს, რომლის მიზანიც ხელისუფლების დემონიზაცია და კატასტროფულად დავარდნილი რეიტინგის გამოცოცხლებაა

ოპოზიციური ნარატივი „ემაარის“ (Emaar/ Eagle Hills) 6.5 მილიარდიანი ინვესტიციის შეფასებისას, მისთვის დამახასიათებელი პოპულისტური განწყობებიდან, ამ პროექტის ნეგატიური მხარის წარმოჩენაზეა გადატანილი, სადაც აპრიორად ქვეყნის შეუქცევადი ისლამიზაცია და დემოგრაფიული კატასტროფა იხატება, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განმარტებით, ოპოზიცია ცდილობს მოსახლეობის განწყობებზე თამაშს, რომლის მიზანიც ხელისუფლების დემონიზაცია და კატასტროფულად დავარდნილი რეიტინგის გამოცოცხლებაა.

„ოპოზიციური ნარატივი „ემაარის“ (Emaar/ Eagle Hills) 6.5 მილიარდიანი ინვესტიციის შეფასებისას, მისთვის დამახასიათებელი პოპულისტური განწყობებიდან, ამ პროექტის ნეგატიური მხარის წარმოჩენაზეა გადატანილი, სადაც აპრიორად ქვეყნის შეუქცევადი ისლამიზაცია და დემოგრაფიული კატასტროფა იხატება.

ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ოპოზიცია ცდილობს მოსახლეობის განწყობებზე თამაშს, რომლის მიზანიც ხელისუფლების დემონიზაცია და კატასტროფულად დავარდნილი რეიტინგის გამოცოცხლებაა.

ამ დროს ნებისმიერი მსხვილი ინვესტიციის შეფასებისას, აქცენტები უნდა გაკეთდეს პირველ რიგში მისი დადებითი ეკონომიკური ეფექტების შეფასებით, ასევე გარკვეულ საფრთხეებზეც, რომელიც შეიძლება არსებობდეს პროექტის რეალიზაციისას და რაც უნდა იყოს გათვალისწინებული.

გამოცხადებული ციფრის გათვალისწინებით (7 მილიარდი აშშ დოლარის წვლილი მშპ-ში მომდევნო ათწლეულის განმავლობაში), შეგვიძლია დაახლოებით გამოვთვალოთ რამდენიმე საილუსტრაციო მაჩვენებელი:

თუ 7 მილიარდი აშშ დოლარი დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მშპ-ში ნამატი წვლილია, ეს დაახლოებით 700 მილიონი აშშ დოლარია წელიწადში (საშუალოდ), რომელიც მხოლოდ პროექტიდან ემატება მშპ-ს. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ საქართველოს მშპ 2024 წელს დაახლოებით 20-30 მილიარდი აშშ დოლარი იყო (კონვერსიის მიხედვით) წელიწადში 700 მილიონი აშშ დოლარი  ყოველწლიურად მშპ-ს დაახლოებით 1.1 -2.2 %-იან მატებას გამოიწვევს (მულტიპლიკატორის 1-1.5 დროს), თუმცა ახალი სამუშაო ადგილების შექმნით, ტურიზმით, უძრავი ქონების ღირებულებით და ა.შ. მიღებული სარგებლის გათვალისწინებით, მულტიპლიკატორი შეიძლება გაიზარდოს მშპ-ის კონტრიბუციაში 3 % მატებით.

ეს ინვესტიცია ზეგავლენას იქონიებს საინვესტიციო კლიმატზეც. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება (ათწლეულის განმავლობაში დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარი) მხოლოდ ამ პროექტიდან წელიწადში საშუალოდ 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციას გულისხმობს. ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რადგან წარსულში წლიურ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადებთან შედარებით (რომლებიც ბოლო წლებში დაახლოებით 1-2 მილიარდი აშშ დოლარის დიაპაზონში იყო).

თბილისის და აჭარა/გონიო მაღალი კლასის დასასვენებელ/ტურისტულ დანიშნულების ადგილებად ჩამოყალიბებით ქვეყანა უნდა გადავიდეს უფრო მაღალი დამატებული ღირებულების მქონე მომსახურებისკენ (ფუფუნების სასტუმროები, ნავსაყუდლები, საერთაშორისო ბრენდები), რაც მხოლოდ დადებითად აისახება ეკონომიკური ზრდის კონტრიბუციაზე.

პროექტს აქვს ახალი სამუშაო სამუშაო ადგილების შექმნის მულტიპლიკატორის ეფექტები, რადგან მოსალოდნელია, რომ 30 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის მშენებლობის, საცალო ვაჭრობის, დასვენებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების სფეროებში. მაგალითისათვის, ამხელა სივრცის მშენებლობა ნიშნავს არა მხოლოდ დასაქმებული ადამიანების ხელფასიდან შემოსავალს, არამედ სუბკონტრაქტორების საქმიანობას, სამშენებლო მასალებზე მოთხოვნას, ლოჯისტიკას და ა.შ. რაც ხელს უწყობს შიდა სექტორების  სტიმულირებას, ექსპლუატაციის შემდეგაც, მუდმივი დასაქმების შექმნით და ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერით.

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ერთობლივ საწარმოში 33%-იანი საკუთრების წილი, ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი პროექტის მოგებიდან პირდაპირ სარგებელს მიიღებს გრძელვადიანი შემოსავლებით.

ბუნებრივია, ამ მასშტაბის პროექტს ექნება პოტენციური გამოწვევები და რისკები.

გამოცხადებული ინვესტიციები ყოველთვის სრულად არ ხორციელდება ან შეიძლება დაგეგმილზე გაცილებით მეტი დრო დასჭირდეს. დიდი უძრავი ქონების და შერეული დანიშნულების ობიექტებისთვის ხშირია შეფერხებები, ხარჯების გადაჭარბება და ბაზრის ცვლილებები. პროექტის რეალიზაცია ასევე შეიძლება შეაფერხოს საპროტესტო გამოსვლებმა, რაც მსხვილი ენერგეტიკული პროექტების მაგალითზე უკვე იყო.

პროექტი ძირითადად ფოკუსირებულია უძრავ ქონებაზე, ტურიზმზე და დასვენებაზე, რაც ქმნის სექტორალური კონცენტრაციის რისკს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი მაღალი ღირებულებისაა, უნდა გავითვალისწინოთ, საკმარისად ანაწილებს თუ არა სარგებელს მთელ ეკონომიკაში. მაგ., ადგილობრივი წარმოება, სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი მუშახელი.

არსებობს გარე მოთხოვნის რისკიც, რადგან ბევრი რამ არის დამოკიდებული საერთაშორისო ტურისტების, ინვესტორების და მაღალი კლასის მყიდველების მოზიდვაზე. გლობალურმა ეკონომიკურმა შოკებმა, მოგზაურობის შეფერხებებმა ან უძრავი ქონების ინვესტიციების განწყობის ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს შედეგებზე.

ამ ტიპის ფუფუნების ობიექტების დიდმა პროექტებმა შეიძლება გაზარდოს საცხოვრებლის/ქონების ფასები, რამაც არასათანადო მონიტორინგის შემთხვევაში, შეიძლება პოტენციურად იმოქმედოს უძრავი ქონების ხელმისაწვდომობაზე ადგილობრივი მოსახლეობის მხრივ, რაც ნეგატიურად აისახება უძრავი ქონების ბაზარზე, თუმცა შეიძლება სარგებელიც კი მოუტანოს ადგილობრივ ეკონომიკას თუნდაც ქონების გადასახადის გაზრდით.

მშპ-ს სრული სარგებლის მისაღებად, იდეალურ შემთხვევაში, რესურსების დიდი ნაწილი (სამშენებლო მასალები, სპეციალიზებული კონტრაქტორები) ადგილობრივი წყაროებიდან უნდა იყოს მოპოვებული. ცნობილია, რომ წარმოებაში თუ დიდი ნაწილი იმპორტირებულია, შიდა დამატებული ღირებულება უფრო დაბალია.

დემოგრაფია არის ამ პროექტის შეფასებისას წინა პლანზე წამოწეული და რაზეც ოპოზიცია ღიად სპეკულირებს. ბუნებრივია, ეს პრობლემა არსებობს. სოციალურ ქსელებშიც რეაქცია ამ პროექტზე მოსალოდნელიც იყო და არ არის გასაკვირი, ჩვენი სამწუხარო ისტორიული წარსულიდან გამომდინარე.

თუმცა არა მგონია, ეს პრობლემა არ იყოს მოგვარებადი, რაც ბინადრობის, პირველ რიგში მუდმივი ბინადრობის გაცემის რეგულაციების გადასინჯვას უკავშირდება. ამასთან, მომავალი წლიდან უკვე შემოდის ახალი რეგულაციები მიგრაციასთან დაკავშირებით, ბევრ ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ სპეციალური მოწვევის და დასაბუთების გარეშე დასაქმება.

უნდა შენარჩუნდეს საკანონმდებლო მოთხოვნები უცხოელებზე მიწის ყიდვის შეზღუდვებზე, საკადასტრო რუკების მონიტორინგით. პირველ რიგში ეს სანაპიროსა და სტრატეგიული ზოლების პრივატიზაციას ეხება. ევროპის ქვეყნების დემოგრაფიულ სურათზე ყველაზე დიდი ზეგავლენა დახურული ანკლავების გაჩენამ იქონია. ცალსახად უნდა აიკრძალოს დახურული ანკლავების შექმნის წინაპირობები, როგორც ქალაქად ისე სოფლად დასახლებების სახით.

გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხებიდან უნდა გამოიყოს მაგალითად, გონიოს განვითარების ტერიტორია. იგი მოიცავს მგრძნობიარე სანაპირო და ჭაობიან ჰაბიტატებს (მიგრირებადი ფრინველები და ა.შ.), რომლებსაც პროექტი დაიცავს. თუმცა გარემოსდაცვითი/სოციალური ასპექტების მართვის პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი საზოგადოებრივი რეაქცია ან მარეგულირებელი ორგანოების შეფერხებები“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები