„2026 წელს მოეტანოს ურთიერთგაგება, ეკონომიკური სიძლიერე და მშვიდობა ყველა ოჯახში“ – ლალი ხვედელიანის საინტერესო ცხოვრების გზა და როდენის „ანგელოზები“

ჟურნალისტი, პიანისტი, დიზაინერი, გერმანისტი, თავის დროზე მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე დიქტორად. უძღვებოდა სატელევიზიო გადაცემებს… ერთ დღეს კი მოულოდნელად, ერთდროულად სამ ენაზე ლექსების წერა დაიწყო… 2011 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია. გამოცემული აქვს კრებული „იდუმალება“, ამჟამად უმეტესად  წერს და სამკაულებს და ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. გაუმარჯვია საერთაშორისო კონკურსებშიც. ამბობს, რომ უყვარს ძველი ნივთების რესტავრაცია და მათთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. – ლალი ხვედელიანის პერსონა.

მხატვარ  შოთა ხვედელიძის ოჯახში დაიბადეთ. ეტყობა შემოქმედების ნიჭზე ოჯახურმა გარემომაც დიდი ზეგავლენა მოახდინა… რა დაგამახსოვრდათ ბავშვობიდან?
– ინტელიგენტების ოჯახში დავიბადე. მამა შოთა ხვედელიანი ეკონომისტი იყო პროფესიით, თვითნასწავლი მხატვარი (მისი ერთ-ერთი ტილო „თბილისობა“ გერმანიის ექსკანცლერ ჰანს დიტრიხ გენშერის კოლექციაშია) და  ცნობილი ტანმოვარჯიშე (სპორტის ოსტატი, საბჭოთა კავშირის პირველი აღლუმის მონაწილე). თვითმხილველთა გადმოცემით, მისი ყოველი გამოსვლა დაუვიწყარი სანახაობა იყო…
დედა – ეთერ გრძელიშვილი-ხვედელიანი – ოქროს მედალოსანი, ხარისხის ორდენის კავალერი, გამორჩეული და საოცრად დახვეწილი ქალბატონი, ინჟინერ-ტექნოლოგი იყო პროფესიით.– კრებულში ლექსების გარდა თქვენი დიზაინერული ნამუშევრების ფოტოები და ნახატები, ასევე მამის ნახატები შევიდა…
– ხატვა მამამ შემაყვარა,ხელსაქმე დედამ მე და ჩემს დას.ხატვა და მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა…
შესრულებული მაქვს –  ჰაიდნის, მოცარტის, გრიგის საფორტეპიანო კონცერტები, რახმანინოვის მეორე საფორტეპიანო კონცერტი,სახელმწიფო ორკესტრთან ერთად, ჯემალ გოკიელის დირიჟორობით (პედაგოგი გურამ ლუთიძე).
– საინტერესო, მრავალფეროვანი ცხოვრების გზა გაიარეთ…
– მელიტონ ბალანჩივაძის სახ.მესამე სამუსიკო სასწავლებელი და მეოთხე საშუალო სკოლა ერთად დავამთავრე და უცხო ენების ინსტიტუტში ამოვყავი თავი… შემდეგ კი საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის დიქტორი გავხდი, ეს დრო ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო პერიოდია. შემდეგ კი ახალგაზრდულ და კინორედაქციებში რედაქტორი ვიყავი,1997-ში შემეცნებით-გასართობი პროგრამა – კვირადღე – მიმყავდა, პარალელურად თავდაცვის სამინისტროში გერმანიის ატაშესთანაც მომიწია მუშაობამ…  პოეზიასთან კი უცნაური ისტორია გაკავშირებთ –  ლექსების წერა მოულოდნელად სამ ენაზე დაიწყეთ… როგორ მოხდა?
– 2010 წლის გაზაფხულზე საოცარი მოვლენა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, სამ ენაზე დავიწყე მოულოდნელად წერა ძილბურანშიც კი… ლექსები თითქოს ციდან ცვიოდნენ, რომ არ მიფიქრია ხანდახან ისეთ თემებზეც… ჩემი პოეზია ძირითადად ლირიკაა,ზოდაგსაკაცობრიო თემები, ბევრი მიძღვნაც მაქვს… . ამ საოცრების წინაპირობა ალბათ დიდი დეპრესიაც იყო… 2011 წელს მწერალთა კავშირის წევრი გავხდი, ხშირად ვიბეჭდები პერიოდულ ჟურნალ-გაზეთებში, 600-მდე ლექსის ავტორი ვარ, მათ შორის საბავშვო ლექსებიცაა. დიდი მეხსიერებით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ  ჩემი ლექსების უმეტესობა ზეპირად ვიცი… სამწუხაროდ, 2020 წელს ჩემი მუზა გაუჩინარდა და მას შემდეგ აღარ შემხმიანებია..
რაც შეეხება  დიზაინს – აქ უკვე მუზაზე აღარ ვარ დამოკიდებული, შემიძლია ნივთს ან ტანსაცმელს ახალი სიცოცხლე შთავბერო, რა თქმა უნდა, ინსპირაციიდან გამომდინარე…

–  წერთ სადიდო და საბავშვო ლექსებს. თქვენი ლექსები ლირიკულია…  ერთი ლექსი…
– სიამოვნებით. რამდენიმე ლექსს გაგაცნობთ.

ნუგეშისცემა

ვისა   ვცე    ნეტავ   ნუგეში? –  ნუგეშისცემა   მწადია!
ვინ   ჩავიხუტო   უბეში, როგორც  დედა  და  გადია?
ვის  ვუთხრა, როგორც   სალბუნი – სიტყვები  საამებელი
და   დავუამო   ცხოვრების  დარდი  და  სანანებელი?
იქნებ   მას? – ვისაც  სულს   იქით,  გროშიც  კი  არ  აბადია
და  ქვეყნად  არა  ჰყოლია – არც    დედა  და  არც  გადია.
იქნებ   მას?–  ვინც  კი  ვერ  ნახა  სიამე– თუნდაც   პატარა,
ჟამთა   სიავემ  უკუღმა  და  მრუდე   გზებით  ატარა.
იქნება  ნუგეშისცემა – იმ  საოცარ  კაცს  ეგების,
დაფნის   გვირგვინის  სანაცვლოდ – ჩხვლეტა   რომ   იგრძნო  ეკლების?
ყველაზე   ნუგეშსაცემი  ალბათ  კი  მაინც  ის  არის,
ვისაც  კი  ცელქმა  ამურმა,  არ  დაუმიზნა  ისარი,
ვინც   საიდუმლოს   ვერ  ჩასწვდა,  ამქვეყნად  მისი  ყოფნისა
და   ვერ  იგემა   ვერასდროს,  ტკბილი   ეკალი – ტრფობისა…

სემირამიდა

რად   გაგიკვირდა   სემირამიდა – შენი  წალკოტის  ხილვა   რომ  მინდა?
მინდა  მაჩვენო  შენი  ბაღები! – თუნდაც  გამქრალი,  ქარწანაღები.
სულ  ერთი  წამით  შემავლებინე  თვალი – მაჩვენე  წალკოტი  შენი,
სემირამიდა – ფარდა  ახადე  შენს  საიდუმლოს   და  მადლი  ჰქენი!
სემირამიდა, ჩემო  ლამაზო! – მინდოდა  რაღაც  გამეგო  კიდევ,
ბაღები  შენი – სამოთხის  მსგავსი,   როგორ  შესძელ  და  ცად  გადმოკიდე?
იდუმალების   შარავანდედით  იმოსებოდნენ  როდესაც  დრონი,
ვით მოახერხე,  იმ  საოცრებით  რომ  დაამშვენე  შენ  ბაბილონი?
მერე  რა  მოხდა?  რა  ქარიშხალმა  გააცამტვერა   წალკოტი  შენი?
ვინ  იცის,  რჩეულ  ქალღმერთს  მიართვა  მრისხანე  ზევსმა  ძვირფასი  ძღვენი.,,
სემირამიდა,  გემუდარები, შენს  საიდუმლოს  ფარდა  ახადე!
ის  დაკიდული  ბაღები   შენი,  იყო   მართლა  თუ – ფუნჯით  დახატე?

ბუტია  წვეთი

ერთხელ  წვიმას  ჩაეძინა  და  დრო  გამოეპარა,
წვიმის   წვეთმა  დრო  იხელთა – დედას  გამოეპარა.
აჩხრიალდა  ნაკადული,  გაახილა  თვალები,
გამოფხიზლდნენ  ენძელებიც,  რომ  კვდებოდნენ  მთქნარებით.
წვიმის  წვეთი  რომ   ცელქობდა – წვიმა  წამოეპარა,
მაგრად  დასცხო   პატარა  წვეთს  – დილას  რომ  გაეპარა.
გაიბერა  ნაკადული,  ჩასჩურჩულა  მდინარეს,
მდინარე   კი  გაგულისდა –  ვეღარ  ნახეს  მცინარე…
ემალება  წვიმას   წვეთი  იმ  მდინარის  ტალღებში,
მოეწონა  პაწაწინას   ცელქობა  და თარეში.
მდინარეს  კი  ზღვასთან  უკვე  ენა  მიუტანია
და მდინარის  გაბრაზება  რაღა  მოსატანია..
ზღვა  ბობოქრობს, იმუქრება  თავის  ტალღებიანად
და წვიმასაც  ავსებია  მოთმინების  ფიალა.
წვიმის  წვეთი  სულ  არ  დარდობს – რაც  მან დაატრიალა,
ნაკადულს  კი  გაებუტა  – ენა  რომ  ატრიალა…

აღმაფრენის   წამები   (ქართული ვარიანტი)

როგორც  ნაზი  ფარვანა,  როგორც  ჩიტი ჰაერში,
დავფარფატებ   ნირვანას  უცხო  სინარნარეში,
უსაზღვროა  სილაღე   სიყვარულის    წამების
და   მიზეზი – ციური  ჩემი ანარნარების.
გამილაღდა  ოცნება,  ბახუსის   შხეფს  ნებდება,
სული   გამიფრთიანდა – საცაა   ამღერდება,
მეძალება   ბახუსი,  შხეფებს  პეშვით    მასხურებს,
ცისარტყელებს   მოუხმობს – თავის  ერთგულ   მსახურებს…
მატყვევებენ    ნირვანას  მოსხლეტილი  ჩქამები,
მზისკენ   მიმაქროლებენ   აღმაფრენის   წამები.
თურმე   წამებს –  მშვენიერს   ვერაგობა  სჩვევიათ–
თავო ჩემო – გაფრთხილდი! – ძირს უძირო ხევია,
გეშინოდეს  ვარდნისა!- აღმაფრენას არ  ენდო!
თვალთმაქცია, მაცდური – ვით  ვერაგი  საბედო…
თუმც  ამ   სინარნარეში – სადაც  სული  მშვიდია–
ღირს  კი  გამოფხიზლება?- როცა   ქვევით  ბინდია,
როცა  ქვევით   სუსხია  და  ლოდების  სამეფო-
თქვენ კი – მშვენიერი  ხართ!  აღმაფრენის   წამებო!…

–  ერთი ლექსის ისტორია…
– როდენის „ანგელოზები“ მამას ნახატიდან გადმოვხატე,18 წლის რომ ვიყავი…

როდენის  ანგელოზები

სულს  შვება  მივეცი – სულ  ცოტაოდენი
და  სულის  სიმშვიდემ  ფიქრები  გაფანტა,
ნეტავ  რას  ფიქრობდა  სულმნათი  როდენი,
ის  ანგელოზები  უფრთოდ  რომ  დახატა,
მტირალა  ღრუბელი   ნიავმა  დააფრთხო,
აღარსად ისმოდა  წვეთების  გნიასი,
მეც   ნუშის  სურნელმა  იმგვარად  დამათრო.
ხმა  მესმა – საბრალო   ხმა– ოფელიასი…
და  ნიავს  გავყევი – ვით  ვერხვის  ფოთოლი,
ზეცაში  საფრენად  ფრთები  არ  დამჭირდა,
გზად  ბევრი  ვიხილე  ფიფქები – ობოლი,
ერთმა  კი   პაწია  ხელიც  კი  ჩამჭიდა.
ნიავმა  მომგვარა   შვება  და  სიმშვიდე,
იმედიც  შემმატა  კვლავ   – ცოტაოდენი,
ის  ანგელოზები უფრთოდ  რომ  დახატა  –
ნიავის   იმედად   თუ  იყო  როდენი…

შობა-ახალი წელი მოდის. გაქვთ ლექსი მაცხოვარზე… სურვილები?
– ძალიან მინდა პოლიტიკური ვნებათაღელვა ჩაცხრეს და სტაბილურ, ძლიერ და დალაგებულ ქვეყნად იქცეს საქართველო. .2026 წელს მოეტანოს ურთიერთგაგება, ეკონომიკური სიძლიერე და მშვიდობა ყველა ოჯახში, ბედნიერი წელი ყოფილიყოს მთელი საქართველოსთვის!

                                                                                                    თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები